შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 9


ოლოლ!

როგორაა საქმეები? შენი უკანასკნელი წერილი მივიღე. იმ წამსვე მსურდა წერილის მოწერა, მაგრამ მყუდრო, საამისოდ განწყობილი დრო და ადგილი ვერ ვიშოვე. მე ისევ ძველ ბინაზე ვარ, ვერას გზით ვერ მოვახერხე გადადგომა, იქ კი სულ არ მიმიწევს გული. სხვა, საღამო მაქვს 20 ენკენისთვეს. არ ვიცი, როგორ ჩაივლის. თუ კარგად ჩაიარა, ხომ ძაღლი არ დაჰყეფს ჩემს ბედს. კარგა ხნით უზრუნველყოფილი ვიქნები. თუ არა და მდგომარეობა ძველებური იქნება. რაც გამეხერხება, ვტრიალებ, მინდა, რამე გაკეთდეს. ვასიკო წივწივაძე ჩამოვიდა ჭიათურიდან, როგორც გეცოდინება, მისი საქმე 12 ოკტომბრისთვისაა დანიშნული სასამართლოში. დღეს მე და ვასომ ერთად ვისადილეთ, სხვათა შორის, მან სთქვა, რომ მის დამცველად სასამართლოში მიშა უნდა გამოვიდეს. ეს იქნება მიშას დებიუტი, რასაც მე, შენც და ყველანი უნდა დავესწროთ. მართლა, აპირებ თუ არა ჩამოსვლას? ნუ თუ აღარ მოგწყინდა ეგ ჩავარდნილი, შავი და უმზეო ჭიათურა? დრო არის, თავი დაანებო. ღმერთს გეფიცები, პირდაპირ გასაკვირალია, რომ შენ თავს სრულიად ყურადღებას არ აქცევ. უთუოდ ბევრი გაკვეთილები გაქვს, არა? მე შენს ადგილას ერთ საათსაც არ გავჩერდებოდი მანდ, საჩქაროდ მივატოვებდი ყველაფერს და ქუთაისისკენ გამოვსწევდი. აქ ისეთი შინაარსიანი და მშვენიერი ცხოვრება მოეწყობა მალე: შესდგა მსახიობთა ამხანაგობა შალვა დადიანის რეჟისორობით, რომელიც წარმოდგენების მართვას დაიწყებს. მალე სახ. სათათბიროს არჩევნებიც მოხდება, შეიძლება მოეწყოს სალ. წრის საქმე, ჟურნალის საქმე. ყველა ამაზე შეიძლება იმუშავოს კაცმა და სრულიადაც მოწყენა არ იგრძნოს.
ოჰ, ეს მოწყენა, მოწყენა. სხვათა შორის, აქაურმა ქალაქის სამკითხველომ ბევრი ახალი წიგნები მიიღო: მერეჟკოვსკის, ბალმონტის, ბრიუსოვის, ვიაჩეს. ივანოვის და სხვების. ჩამოდი, უსათუოდ ჩამოდი, ძალიანა გთხოვ. შენი მატერიალური პირობები ეხლა არც ისე ცუდია, რომ ჭიათურაში დარჩენა ღირდეს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა.
სხვა, ვერა მიდის თუ არა? ნატაშა ჩამოვიდა? რას შვება რევეკა, მიიღო რაიმე ამბავი გამსახურდიასაგან? (თითქო ძალიან მაინტერესებდეს). სხვა, მოკითხვა შემოგითვალა მგოსანმა სიმ. წეველმა. მან დაწვრილებით მიამბო თქვენი მგზავრობის ამბავი, რაზედაც ბევრი ვიცინე; სხვათა შორის, მან მითხრა, რომ ის ქალი, ვიღაცა იყო, შენ სრულიადაც არ გიცნობდა და ყველა შენს ამბებს მე მკითხავდაო. მივდივართ ამ შუაღამისას, მეხვევა ეს ქალი, მარა როცა მე თვითონ გავწიე ხელი, ისეთი სიტყვები მითხრა, რომ შემდეგ ვერაფერი ვერ გავბედევო. ასე სთქვა, თან კვირობდა, თუ რა უნდოდა იმ შუაღამისასო!
ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი. მე ასე გირჩევ და ეხლა შენ იცი.

[1914 წელი]