შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 5


სალამი, ოლოლ! ეხლა, უთუოდ ბედნიერათ ცხოვრობ, არა? თუ ეს ასეა, ჩვენ მაშინ თანასწორ მდგომარეობაში ვიქნებით. მე არას დროს, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, იმდენი ჩუმი და მყუდრო ბედნიერება არ გამომიცდია, რამდენიც ეხლა, სოფელში ყოფნის დროს. წარმოიდგინე სოფელი, ქალაქის დრტვინვასა და მოუხეშავ ცხოვრებას დაშორებული, შორი, თვალუწვდენელი მინდვრები. იქით კიდევ მუდმივი მწვანით შემოსილი მთები. ახლა მინდვრებზე სულ სიმინდია დათესილი. ალაგ-ალაგ გაუვალი ტყეებია, მათ სიგრილეში დასვენებას და ოცნებობას არა-სჯობს რა. ჩვენი სახლის მახლობლათ სულ ორმოც საჟენზე მდინარე რიონი ჩამოდის. მე და ტიტე დღეში სამჯერ ვბანაობთ ხოლმე შიგ: დილას, შუადღისას და საღამოს. ვკითხულობთ ერთად წიგნებს, რაც კი გაგვაჩნია. შეღამებისას გავალთ რიონს გაღმა ყანებში, დავსხდებით რიონის პირზე ვერხვის ძირში, გვაქვს თან დოქით ღვინო, თან ვსვამთ და თან ვსაუბრობთ, ვიგონებთ ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს; მაგრამ ყველაზე უფრო ვიგონებთ ჩვენი... ტიტე მიამბობს მოსკოვის ამბებს, მე ვუამბობ ქუთაისისას. ხანდახან გამოდის, რომ ქუთაისის ამბები ჯობნებია მოსკოვისას, რადგან მე უფრო მეტ ტყუილებს ვამბობ, ვინემ ტიტე. ტიტე გულზე სკდება.
მთვარე ამ დროს მაღლა სივრცეზეა ასული; ნიავი ქრის, რიონის ზვირთების ბუტბუტი არღვევს მყუდროებას.
შემდეგ მივსეირნობთ ნავით. ვერ წარმოიდგენ, რა საუცხოვო რამაა ნავით სეირნობა მთვარიან ღამეს.
ტიტემ ანკესები იყიდა თევზების დასაჭერად, მე კიდევ ანკესები ვიშოვე. დავდივართ და ვიჭერთ თევზებს. ხანდახან, როცა ანკესებს დავაგებთ და ზედ თევზი მოეკიდება, პატარა ბავშვები მოგვპარავენ.. ტიტემ არ იცის, რა ქნას ამ დროს. პირდაპირ უნდა მთელი ქვეყანა ძირიან-ფესვიანათ ამოაგდოს, მაგრამ როცა შეხედავს, რომ მე სრულიად გულ-დამშვიდებული ვარ, უფრო უარესათ ცეცხლდება. მე ყველაფერი მიხარია ძალიან...
სხვას აქ არაფერს ვაკეთებთ. დედაჩემის სიხარულს საზღვარი არა აქვს, რომ სახლში დავბრუნდი. დედას უნდოდა, როცა ჩავედი, მთელი სოფელი მოეწვია და ერთი უშველებელი ლხინი გადაეხადა. მე ეს არ ვქენი, რადგან სრულიად არ მინდოდა სოფლის მყუდროება დამერღვია რითიმე. ჩემი ძმა სოფელში არ დამხვდა, იგი წასულიყო მთებში ნათესავებთან.
სხვა, შენ როგორ ცხოვრობ, ოლოლ? მე და ტიტე ხშირად ვსაუბრობთ შენზე. ტიტემ თქვა, რომ იგი „Странная“ არისო. ამასთანავე მოიგონა, რომ ერთხელ შენ მას გალახვას დაპირდი. ტიტე გაკვირვებულია, თუ რატომ გინდოდა მისი გალახვა! მე ვუთხარი ტიტეს, რომ ერთხელ ოლიამ თორმეტი კაცი გალახა-მეთქი, ტიტემ პირი დააღო. მე ვიცინე და ვიცინე - და ვიცინე! სულ... სულ...
მშვიდობით, ოლოლ. მოგწერდი ადრესს, მაგრამ ადრესი არ მაქვს. სანამ მე წერილს სოფელში მივიღებდე, ათას ხელში უნდა გაიაროს, ათასი ეტაპი უნდა გაიაროს.
იცოცხლე, იმხიარულე!
მე კარგად ვიცი, თუ რასაც ეშმაკობ შენ ქუთაისში ეხლა, მაგრამ რა გაეწყობა.
დღეს სამტრედიაში ჩამოვედი. გეფიცები, რომ დღეს გავიგე, რომ ომი იწყება, ქუთაისში ჩამოსვლა არ შეიძლება, მატარებლების მიმოსვლა შეწყვეტილია.
ეხლავე სოფელში ვბრუნდები.
მშვიდობით, გკოცნი, გკოცნი და გკოცნი.

შენი მარადის და მარადის იქითაც გალაკტიონი
1914 წ., 24 ივლისი