შუალედი - დან - მდე
 
 


ჩიხლაძე რაისას - გალაკტიონი - 4


რაისა!

თქვენი წერილი დამხვდა აქ, ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ დამხვდებოდა და ამიტომაც ასე ვჩქარობდი. აი, კიდეც წავიკითხე და კიდეც ვსწერ სამაგიეროს. რა გიპასუხო? მე გულ-ცივი გიწოდე, მაგრამა არა ხართ გულ-ცივი.. რჩეული გული გაქვთ (თუმცა ჩემზე არა) და აი, რა მაგიჟებს.
მაპატივეთ, რომ ასე უბრალოდ და სადად გწერთ, მაგრამ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა უნდა ვიფიქრო საშინელ ფიქრის შემდეგ, ვინც მიყვარს, არ ვუყვარვარ, მაგრამ მე მაინც ვაღმერთებ მას, რჩეულია და მისთვის.
ქუთაისში ყოფნის დროს შორიდან მოგკარით ერთხელ თვალი... ამხანაგმა, რომელიც გვერდით მომყვებოდა და დაგინახათ - ანგელოზი გიწოდა.. რა იცოდა იმან ჩემი გულის ძგერა იმის სიტყვების შემდეგ.. მსურდა დავცილებოდი მას, დავწეოდი დამდაგველ არსებას, [წინ] და დაუსრულებლად მეღვარა ცრემლი იმის წინ ჩემს მარტოობაზე.. მაგრამ ვერ გავბედე, ის არსება ჩემზე მაღლა სდგას.. მე არ მაქვს უფლება, რადგან იგი რჩეულია.. იგი "ანგელოზია, შეცდომით გადმოტყორცნილი ქვეყნად".
რაისა, ვიცი, რასაც ფიქრობთ ეხლა, ღიმილი სრულიად უსაფუძვლოა აქ. გულით მოგდისთ იქნებ, რომ ვეინინგერის ციტატის მაგივრად, სრულიად [საღ გრძნობაზე] გესაუბრები ქართულად. ვეინინგერი პროზაიკი იყო, ჩემო ძვირფასო, მიუწდომელო არსებავ! მე ფეხებზედაც არ მკიდია ვეინინგერი.. და თუ იმისადმი რამე პატივისცემაა ჩემში, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი თითებიც შეხებია იმის გასუქებულ წიგნს, თქვენი თვალებიც ადევნებია [უაზრო] გრძნობას მოკლებულ  სტრიქონებს.. დიდებულია ვეინინგერი, რომ ჩემთვის რამე იყოს.. რას არ ვიზამდი, ეს მისი სიტყვები არ არსებულიყვნენ ქვეყნად! მაშინ არც საბედისწერო წერილში მოხვდებოდნენ და იქნებ ბედნიერი შევქმნილიყავი, ეხლა კი ისევ მარტოობა და საზარელი ფიქრი, რომ რაისასთვის ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი ორი-სამი თვის წინად, შეიძლება უარესიც. ოჰ, ღმერთო, ღმერთო, რა დავაშავე ასეთი?
მაგრამ.. ერთია ყველაფერი, ერთი ბოლო აქვს.. მე მსურდა გაღვიძებული სული უნაყოფოდ არ მომკვდარიყო. აზვირთებული გულის-თქმა გულშივ არ ჩამჭკნარიყო... მაგრამ, რაზე? ადრე თუ გვიან სამარე ჩააჭკნობდა ყველაფერს.. დავშორდებოდით მაინც ერთმანეთს, რომ გვყვარებოდა კიდეც ერთს მეორის სული. ყველაფერი გარდამავალია! მაშასადამე, ერთი არ არის სიყვარული და უსიყვარულობა? სიყვარული არსებობს, მაგრამ იმასაც, როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად ბოლო ეღება, და სავალალო ის არის, რომ უმისოდ ცხოვრება არაფრად არა ღირს. რად ვეღირებოდი, რომ სათაყვანო კერპი არ გამოცურებულიყო ამ სიცარიელეში ჩემთვის? არაფრად!
დაე, ეს კერპი ახლო არ მიკარებდეს, ჩემთვის უფრო ბრწყინვალე იქნება იგი; გაჰქრეს, ჩემს გულში უფრო ძლიერად აღსდგება!.. "შორით კვდომა".. იცით?...
ასე, ჩემო ძვირფასო.. ძალიანა გწყინს, მაგრამ რა ვქნა..
მე თუ წერილი მოგწერეთ, უთუოდ სიყვარულზე უნდა მოგწერო.. თუ სალაპარაკოდ შეგვხდით, ჩემს სიყვარულზედვე უნდა გელაპარაკო.. რადგან ერთმა სიყვარულმა მომცა მხოლოდ ის, რაც უნდა დამიწებულიყო მალე.
მიყვარხარ! ძნელია, შენი სახის ჩემის გულიდან ამოცილება.. შუა-ღამისას, როდესაც ყველას სძინავს, ამ სახეს გაგიჟებით ვკოცნი, სათუთად ვინახავ... ამ სახესთან სრული უფლება მაქვს, შენი სიძულვილიც კი ვერ წამართმევს მას.. ის ჩემია! ის ფიქრია, დაუძლეველი და უკვდავი..
მშვიდობით!

თქვენი მოყვარული და კარგის მსურველი გ. ტაბიძე

1911 წ.