შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 43


სალამი ნინას და გალაკტიონს!

მოუთმენლად მოველოდი თქვენ წერილს. წასვლის წინა დღით გალაკტიონის დაპირება ასეთი იყო: ყოველდღიურად წერილს გამოგიგზავნიო და მაგრად ხელი ჩამომართვა. ვგრძნობდი, რომ ექსტაზში იყო და ეს სიტყვებიც პოეტური „ჰიპერბოლა“, რომლებიც რამდენიმე წუთის შემდეგ დავიწყების მორევში ჩაიძირებოდა. მაინც ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ყოველდღიური – ყოველკვირეულად გადაკეთდეს მეთქი – არ შეგჭამოს ჭირმა! კარგია, რომ დეპეშა მივიღე – ვიცი, სადაც ხართ!
აქეთ მშვიდობაა. გაზეთებში ჩვეულებრივი ამბებია. სალაპარაკოდ მხოლოდ ის არის გამხდარი, რომ შარია განთავისუფლებულია და მის ადგილზე შადურია არჩეული. საინტერესოა, რომ სანამ გაზეთებში არ გამოცხადდა, ჩურჩულობდნენ – ასე გავიგეთ, ნეტა თუ მართალიაო – როცა კი ოფიციალურად გამოქვეყნდა, დაიწყეს მიზეზების ძებნა – ზოგი ნუცუბიძის დისკუსიას უკავშირებს და ზოგი რას.
ჩვენ კარგადა ვართ. გამოცდების ციებ-ცხელებას ბოლო ეღება და პირველისთვის სავსებით თავისუფალი ვიქნებით. იქნებ მაშინ მოვიცალო ჩემი თავისთვის: საერთოდ ადამიანები უმადურნი ვართ: არ ვაფასებთ იმ დიდ ბედნიერებას, რომელსაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჰქვია.
მოიწერეთ წერილი, როგორ მიდის საქმე, ან როდემდის დარჩებით მოსკოვში.
ნინას ვთხოვ, თუ არ დაეზარება – მოიწეროს, იშოვება თუ არა პარუსინა. აქ არც მაღაზიებში, არც კერძოდ არ არის – ეს სხვათა შორის, თუ კარგ ხასიათზე იქნეთ.
გისურვებთ გამარჯვებას!
შენ ახლაც გამარჯვებული ხარ (ისტორიაში უკვე ჩაიწერა შენი სახელი) და მუდამ გამარჯვებული იქნები.

აბესალომი

12/VI. [1948]