შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 7


ძმაო აბესალომ!

მე მივდივარ კოჯორში (ჯორებისა და ვირების ტერიტორიაზე თუ მომცემენ ოთახს, თორემ ვილლები სხვებისთვისაა).
რაღაცა, უკანასკნელად რომ გნახე, ცოტა (სულ ცოტა) გამხდარი მეჩვენე. უსათუოდ ნახე ექიმი. ისარგებლე წყალით (თუ ექიმმა გირჩიოს), კარგია დილდილობით ტანის დაზელვა. კარგია აგრეთვე (შენთვის აუცილებელია) გიმნასტიკა. და მრავალი კიდევ სხვა. მე სერიოზულად გეუბნები: თუ კაცმა თვითონ არ მიჰხედა თავის ჯანმრთელობას, არავინ სხვა თავს შენთვის არ აიტკივებს. ეს მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი და, ალბად, შენც გექნება დაკვირვება. იყავი კარგად. მომიკითხე ვასიკო.

შენი გალაკტიონ ტაბიძე


1947, 6 მაისი (პოეზიის დღე)


P. S. თუ მოწაფეების რვეულებში ჩემს შესახებ რაიმე ორიგინალური ან საინტერესო შეგხვდეს, უსათუოდ გადააწერინე და შემინახე. კარგი იქნება, ერთი ჩვეულებრივთაგანის (ისეთის, როგორც საზოგადოთ სწერენ) გაცნობაც.

შენი გალაკტიონი