შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 32


ძმაო გალაქტიონ!

შენ რომ თბილისიდან წამოდი, მე იმავე საღამოს გამოვემგზავრე სამტრედიისაკენ. სკოლის გამგეს ვთხოვე ერთი დღის შვებულება – ექვსს ისედაც თავისუფალი ვიყავი და ორი დღის შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი. უნდა გამოგიტყდე, მეტად ცუდ ხასიათზე ვიყავი... რომ იტყვიან, „подавленное душевное настроение“. რა იყო მიზეზი? მე ნათლად წარმომიდგა ჩემი მდგომარეობა. ერთი კვირის განმავლობაში თითქო ჩემ გამოსაჯავრებლად, ჩემ გასაქცევად, ადამიანი ერთხელაც ფხიზლად არ დაბრუნებულა. მესმის, თვეში ერთჯერ შეხვდება რაიმე ადამიანს და სულ მუდამ, სისტემატიურად ერთი და იგივე მდგომარეობა... პირდაპირ საშინელი კოშმარია... გძინავს, ისვენებ... ხვალ მუშაობა გინდა, გინდა იცოცხლო, რაიმე სასიამოვნო განიცადო და გეღვიძება... ხედავ სურათს... ჯანსაღი ადამიანი, ადამიანი, რომელიც გიყვარს, აფასებ, აგერ იატაკზეა გათხლაშული, უგრძნობლად, ახალი ტანისამოსი ტალახში და მტვერშია, ყვირის, წუხს, ფეხებს აბარტყუნებს, რაც ძალი და ღონე აქვს, შარვალი ვერც კი გაუხდია და ცოტათი გამოფხიზლების შემდეგ ლანძღვა-გინება და ზიზღით გადმოსროლილი სიტყვები: „Ты всегда был врагом... не видишь, что притесняешь других, тебе здесь не место“  და სხ...
აქ ასეთი მდგომარეობა... შინ ცოლ-შვილი მიტოვებული... მე კი ვფიქრობდი, ორივე ერთმანეთს დავეხმარებოდით, ხელს გავუწოდებდით ერთმანეთს... ტანზე ჩავიცმევდით ადამიანურად, ადამიანურად ვისაზრდოებდით... ისე შეგვეძლო მოგვეწყო ცხოვრება, რომ ყველას შენატრებოდა... მეც ბინას შევიძენდი და ცოლ-შვილსაც ჩამოვიყვანდი. ასეთი იყო პერსპექტივი... უმთავრესი მიზანი შენი კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა, მაგრამ თითქო განგებ ყველაფერი სულ სხვანაირად მოეწყო... სევდა... რომ ვერც სხვას ვარგე რამე და ვერც თავს.
აი, ამ ფიქრებით დავბრუნდი სოფლისაკენ. შინ ბავშვი შეუძლოთ დამხვდა. შევწუხდი. და მეორე დღეს თბილისში სკოლის გამგეს გავუგზავნე დეპეშა: სამტრედიაში ვრჩები ოჯახური პირობების გამო და სხვა დანიშნეთ-თქო. სულიერი ბრძოლა მაინც არ გათავებულა... ორი დღის განმავლობაში მუდამ ვფიქრობდი: რა კარგად შეიძლებოდა ცხოვრების მოწყობა, რომ ერთმანეთის გაგება შეიძლებოდეს, რომ ერთის კარგი მეორეს ავად არ მიაჩდეს... (სხვათა შორის, მისაყვედურე, რომ ნოხი ჰქონდა დედაჩემსო... სახლი გადაგიდგამსო უჩემოდო). რაც დარჩა დედაჩემს, ძამიკო, ყველაფერი ხელუხლებელია. სახლი ლპებოდა. იმის გადარჩენის მიზნით ჩემი საკუთრივ შეძენილი გავყიდე და კრამიტით გადავხურე, არ დავალპობ, ჩვენი ბავშვობა აქ გავატარეთ-თქო. შენ როგორც გინდა: თუ გინდ ეხლავე გავყიდოთ. მე შენი არაფერი არ მინდა, მაგრამ ვწუხვარ, რომ გულში ასეთი რამეები გქონია...
ჩემო ძამიკო [...] განვაგრძოთ ისევ... ვფიქრობდი კიდევ (ვინც იცის, ამ ორი თვის განმავლობაში რამდენი გამოვცადე!) ჩემს თავს ვუსაყვედურებდი: ნუთუ მეტის მოთმენა არ შეგიძლია-თქო. და მესამე დღეს დეპეშა გავაგზავნე გამგის სახელზე: მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუ არავინ დაგინიშნავთ – ჩამოვალ-მეთქი... პასუხი გადახდილი მქონდა, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიმიღია. დავრჩი ისევ სამტრედიაში. ვმუშაობ... რამდენიმე დღის წინად „ტონოს“ (თბილისის განათლების განყოფილების) გამგის – ამხ. გიორგაძის სახელზე განცხადება გამოვაგზავნე ადგილის შესახებ. არ ვიცი, მიაქცევს ყურადღებას თუ არა. თუ მიაქცია ყურადღება, ხომ კარგი, თუ არა და, რაც არის – არის. ამაზე მეტი შეცდომებიც ჩაუდენიათ და ცხოვრობენ... ეს არის, რომ მანდ ყოფნისას (თუ შუაღამისას ვინმე ბინიდან არ გამომაგდებდა) ბინას უფრო ადრე ვიყიდდი და ცოლ-შვილსაც გადმოვიყვანდი. უბავშვებოდ ცხოვრება მეტად მიძნელდება... რა ვქნა? უთუოდ ნერვების ბრალია! არც ბავშვი ვარ და არც პროფესიაა იოლი!..

19. IX. [1938]