შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 5


ძმაო აბესალომ. შენი წერილი მივიღე. მე კარგად ვარ, თუმცა წამოსვლის დროს ცოტა გავცივდი, გრიპი მქონდა, ფეხზე გადავიტანე, არ დავწოლილვარ. ეხლა კარგადა ვარ. ხელნაწერების ბეჭდვა იწყება მნათობში, ეხლა წავა 16 გვერდი, დანარჩენები შემდეგ. დასრულებისას ცალკე წიგნათ გამოვცემთო, მითხრეს. ოლია ეხლა ტფილისშია (პასკევიჩის ქ. №9). შენ თუ თუთუნის გამოგზავნა გინდა, დიდებულ საქმეს იზამ. აქამდის მეყო, ეხლა გამომელია. ფეხსაცმელებმაც კარგი საქმე მიქნა, მარა ეხლა ცოტა გაცვეთილია (გუშინ მივიღე ფეხსაცმლის ორდერი). რატომ არაფერს იწერები თქვენს შესახებ? სამტრედია. უნდა ყოველთვის ყოჩაღად იყო. როგორ არიან ჩვენები? პენსია იანვრამდის არ ირკვევა, თუთუნი კი ყოველთვის საჭიროა. ვარ მწერალთა ბრიგადაში. უნდა ვიმუშავო რკინისგზის სახელოსნოებში, სადაც ნამდვილი პროლეტარიატია. მომიკითხე ჩვენი ძვირფასი დედა, ტატიანა, ვასიკო. ყველანი მახსოვან.
თქვენი გალაკტიონი

[10 ოქტომბერი, 1930 წელი]