შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 36


ოლია! ძვირფასო!

მოვედი. დამხვდა შენი წერილი. შენ ყოველთვის კარგი ხარ. შენ ყოველთვის იცი, რომ ჩემი მწუხარება არაა შემთხვევითი ხასიათის. იგი ყოველთვის დაკავშირებულია [რაიმენაირ მოვლენასთან]. მაგრამ დავანებოთ თავი, [აბსურდულ საუბარს] ოლია! შენ იცნობდი განდეგილს, პირადათ შენ მას ძალიან უყვარდი. ეს იყო მოხუცებული ქალი, პოეტესა, ძალიან ნიჭიერი. მეტისმეტად ინტელიგენტი ქალი,  სამაგალითო ზრდილობის, სამაგალითო თანამშრომელი რედაქციების, უდიდესი მეგობარი აკაკი წერეთლის, საუკეთესო მთარგმნელი გრიბოედოვის, საზოგადო მოღვაწე, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. ზღაპრულად გულკეთილი ქალი, ჭაღარა თმიანი ქალი და იგი გარდაიცვალა დღეს გულის სიგანივრით, სრულიად მოულოდნელად.
განა მე შემიძლია დღეს მშვიდობიანი ვიყვე? უკანასკნელი მისი წერილი ჩემს შესახებ ასეთი იყო:
„გალაკტიონ ტაბიძე - ეს დიდი პოეტია, უდიდესი განცდებით და უნაზესი გადმოცემებით. გალაკტიონი ეს სულ განცალკევებული მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება იმას ამიტომაც უწოდეს პოეტების მეფე. იგი განსაკუთრებულად გრძნობს ბუნების ხვაშიადს; იგი არ არის ჩვეულებრივი პოეტი და ამიტომაც მას სათუთის გრძნობით უნდა [მოეპყროს] ეკიდებოდეს თავისი ერი“.
ეს სიტყვები ანდერძივითაა... აი, როგორ მაფასებდა მე იგი.
ოლია, შენ მას კარგად იცნობდი.

გალაკტიონი


ოლია, თუ მე შენ გიყვარვარ, გვირგვინი ან ყვავილები წარწერით „ოლია ოკუჯავასაგან“ უსათუოდ საჭიროა.

გალაკტიონი

[14 აგვისტო, 1928]