შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 35


ძვირფასო ოლია!

მატარებელი №9 საათში 80 კილომეტრით მიდიოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში „ზაკავუს“  სტუდენტი, აზერბეიჯანელი, რომელსაც შენც გაიხსენებ, ჩემს ყურთან მღეროდა „სამგლოვიარო მარშს", თითქო ამბობდა: აზერბეიჯანი გადამწვარი ადგილებია. ერთი ჩრდილიანი ხეც აქ არ არის, საშინელ სიცხეს, ძუნწ ნიადაგს ებრძვის შავი, მზისგან დამწვარი, ჩონჩხების მსგავსი მოსახლეობა. მაგრამ ბაქოს დანახვით ვიგრძენი, რომ ეს ქალაქი მალე ყველაფერში გაასწრებს ტფილისს, ინდუსტრიალურად ხომ უკვე გაასწრო, აზერბეიჯანელმა სტუდენტმა მიჩვენა მათი ახალი ალფაბეტით დაბეჭდილი გაზ. „კომუნისტი“. მაშასადამე, აქ იბადება ახალი კულტურაც. ამასობაში მე და ის სტუდენტი დავმეგობრდით, კოლეკტიური გვქონდა ნესვის, საზამთროს, ნარზანის, შემწვარი ქათმების და სხვ. ხარჯი. არასასიამოვნო სიმღერა შესწყვიტა სწორედ დარუბანდში (დარუბანდი საქართველოს ისტორიიდან გემახსოვრება: ნიკოპსიიდან დარუბანდამდე მიდიოდა ძველი საქართველოს ვრცელი ტერიტორია). უფრო მძლავრი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჩრდილოეთ კავკასიამ, გროზნო, ბესლანი, პროხლადნაია, გეორგიევსკი, ორბელიანოვო, მინერალური წყლები. სულ ახლო სჩანდა კავკასიონის მთები და თვით იალბუზი, თერგი კი რატომღაც აქ არ არის ჩქარი. როსტოვში ვიყიდე და წავიკითხე მშვენიერი გაზეთი „Молот“ შემდეგ თვალუწვდენ ველებზე მოსკოვამდე გაშლილია ძნა, მუშაობს ქალი და კაცი. მინდვრებს ეფინება შრომის სიხარული. ასე ჩამოვედით მოსკოვში, სადაც რევოლიუციის მუზეუმის წინ სდგას ჩვენი ძველი მეგობარი და ნაცნობი 155 მილიმეტრიანი და 6 დიუიმიანი უზარმაზარი ზარბაზანი. ამ იარაღით სამხედრო-რევოლიუციონური კომიტეტის არტილერისტები ოკტომბრის დღეებში 1917 წელს ლეფორტოვოდან ესროდენ კრემლს. საღამოს, 2 ნოემბერს კრემლი აღებული იქნა, წითელი გვარდიის მიერ. ვნახე ბევრი ძველი ადგილები, გამახსენდა ბევრი რამ. პოვარსკაიაზე ჩვენი სახლი იმნაირათვე სდგას, ურემონტოთ. წინა კედელს კიდევ აჩნია ტყვიების დაღი. ბრონნაიაზე, იქაც, აქაც, ყველგან არის რაღაცა, რომელიც აღვიძებს მოგონებებს. ვნახე მანია. ძალიან კარგად არის. მშვენიერზე მშვენიერი ბინაა აშხენის ბინა. აქ შეიძლება ტომების დაწერა. მაგრამ ეს სხვა დროისთვის. ეხლა მხოლოდ მოსკოვის ამშენებლობა მაინტერესებს. სხვა, თქვენ რას შვებით, როგორა ხართ, როგორ მოეწყვეთ. კმაყოფილი ხართ თუ არა ბორჯომით? გადაეცი ყველას ჩემი გულწრფელი სალამი და სურვილი სწრაფად გაჯანმრთელებისა. მომწერე წერილი, სასწრაფოდ, შენ რომ იცი.

მარადის და მარადის იქით შენი გალაკტიონი
[12 აგვისტო, 1928]