შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 34


ოლიას გამარჯობა! შენი კარგი, ხალისიანი წერილი მივიღე. მაოცებს პოეტური ტემპერამენტი საზოგადოდ შენი წერილებისა. ოლია, ნუ მოგვაკლებ ჩვენ ასეთ წერილებს. ვიქნებით მუდამ მოხარულნი და მადლობას შევწირავთ ზეცას.. ტფილისში სიცხეებია და ბორჯომიდან წამოსული გრილი ჰაერი გაანელებს ამ მხურვალებას.
ვერ წარმოიდგენ, რაგვარად მიყვარს შენი წერილების კითხვა. მე რომ შენს ადგილას ვიყო, დავიწყებდი კარგი, ხალისიანი, სიცოცხლით, ახალგაზრდა ენერგიით, მზით და მსუბუქი მელანხოლიით სავსე ნოველების წერას. და გავიმარჯვებდი კიდეც. კარგია „ბორჯომკა“, არა? ცივია? ღმერთმა ჰქნას, რომ იგი ყოფილიყო შენი ერთგული და უებარი მკურნალი, ოლია. იყავი ყოჩაღათ. გამოიყენე ჯანმრთელობისთვის ეს თვეები. შემოდგომიდან დიდი და ინტენსიური მუშაობის დაწყება მოგვიხდება და თუ ენერგია არ გვექნა - არ შეიძლება.
ჩვენ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ შემოდგომიდან.
გაუმარჯოს მომავალ შემოდგომას!!!
მე დარწმუნებული ვარ, იგი არ იქნება ჩვეულებრივი ამიდები, ძალიან დარწმუნებული ვარ. შენ დაბრუნდები - როგორც კაჟი - არა, ოლია? შემოდგომაზე დავიწყებთ ახალს, ენერგიულს, მზიურ ცხოვრებას. ოლია, მე დღეს გადავდგი ასეთი ნაბიჯი.
„ნარკომპროსში“ განთავისუფლდა ერთი ადგილი ლიტერატურული განყოფილების გამგისა (ლიტოს გამგე). აქ მსახურებდა აკაკი პაპავა. მას ლაპარაკი მოუვიდა ბრეხნიჩევთან და იგი იძულებული შეიქნა თავი დაენებებია სამსახურისთვის. შემდეგ ნარკომპროსმა წინადადება მისცა ჩვენ [მწერალ.] ხელოვანთა კავშირის მთავარ გამგეობას, ამ ადგილზე დაესახელებიათ ერთის მაგიერ სამი კაცი. რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ მთავრობის წინაშე. და გამგეობამ პაპავას ადგილზე დაასახელა სამი კაცი: გაფრინდაშვილი, აბაშელი და ისევ პაპავა. და ეს კაცები წარუდგინა ნარკომპროსს.
ისე, დიპლომატიურად მინდა მოველაპარაკო ზოგიერთებს. მაგრამ, მგონია, არაფერი გამოვიდეს.
ძალიან კი მინდოდა ამ ადგილზე ყოფნა.
გარდა იმისა, რომ საქმე ლიტერატურულია, - აღსანიშნავია ჯამაგირიც 500,000 (ნახე. მილიონი) მანეთი და აკადემიური „პაიოკი“ (60 „სოლიდნი“, 5 გირვანქა „მასლო“, ბევრი შაქარი და უამრავი კიდევ სხვა), თორემ ეხლა აკადემიურ პაიოკს მარტო სამი კაცი იღებს: რობაქიძე, მელიტონ ბალანჩივაძე და შალვა დადიანი. მაგრამ ყოველივე ეს არაფერია. ჩემთვის უმთავრესია ის ლიტერატურული მუშაობა, რომელიც აქ გაჩაღდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საქმე ჩემს სასარგებლოდ მოეწყობოდა, რომ ვიცოდე, ვის მივმართო.
მინდოდა, მეთქვა მიშასთვის და ვერ გავბედე. მოველაპარაკე მანიას, და იგი დამპირდა, რომ საქმეს დაიჭერს ნინასთან. ნინასთანაც მქონდა ამის შესახებ საუბარი და იგი დამპირდა, რომ მოელაპარაკებოდა ორახელაშვილს და სხვებს.. მაგრამ.. არ ვიცი. დიდებული იქნებოდა, რომ მიშა ყოფილიყო. მთელი ამ საქმეების გამგე თუმანოვია, რომელიც მე სრულიად არ მიცნობს. რომ მიცნობდეს, იგი ძლიერ მალე დარწმუნდებოდა, რომ მე ათჯერ მეტს გავაკეთებ, ვინემ სხვა რომელიმე მწერალი საქართველოში.
ერთის სიტყვით, სულ ერთია, იქნება - კარგი, თუ არადა არც ამდენი ხანი მქონია. ეს კია, ასეთი ადგილი, თითქო პირდაპირ ჩემთვის შექმნილი, [...] გამოჩნდება.
ოლია, შეიძლება, როდესაც ლაპარაკი მოგიხდეს, ან ტელეგრამით შეატყობინო ნინას და მანიას, რომ ამ საქმეზე ენერგიულად ემუშავნათ? რა ბედნიერება იქნებოდა, ეს ადგილი მე რომ შემხვდეს.
დავანებოთ ამას ყოველივეს თავი. ოლია, შენ იცი, როგორ მოუფრთხილდები შენს თავს. ოლია! მომწერე კიდევ წერილები უსათუოდ.
ჩემი წიგნები - ყველა დამიბრუნეს (მაგრამ არა ნარკომპროსმა - არამედ თვითონ „კომუნისტის“ რედაქციამ). თურმე, რა ადვილად კეთდება საქმეები და როგორ ვაძნელებთ მიუხვედრელობის გამო.
ეხლა ეს წიგნები უნდა გავყიდო.
წიგნები? ნუთუ არ გჭირდება წიგნები, ოლია? გამოგიგზავნი.

[1927 წელი]