შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 13


დგება გაზაფხული! რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას. მგონია, თითქო არასდროს ამისთანა გაზაფხული არ ყოფილა; ჩემთვის, რასაკვირველია, არც გაზაფხულია ნამდვილათ ახალი და მოულოდნელი.. გაზაფხული ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ.. იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა ან უნდა მოხდეს... ველი... ნუ თუ ამ გაზაფხულთან ერთად იწყება ჩემი სიცოცხლის ვრცელი, უსაზღვრო და დაუმონებელი გაზაფხული? ნუ თუ იგი ახალსა და სასიამოვნო ნუგეშს მომიტანს? მაშ, რათაა, რომ ასე ხალისიანათ ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს.. დღეს ჩემს თვალში არ არსებობს არავისი დანაშაული და უბედურება. მე დღეს ბედნიერი ვარ!
ნუ თუ დღეს შენ არა ხარ ბედნიერი, ოლოლ?
მართლა, ოლოლ! რას ნიშნავს სიტყვები - „страшно ты мои переживания затрагивал, много плохого приписал - ...и дальше я не могла с тобою искренно говорить  боясь, чтобы мои чувства и помыслы не были задеты“ და სხვა ასეთები? რას ნიშნავს, ჰო? მაპატივე, ოლია, მე ვთქვი რაღაცეები, მეც არ მახსოვს.. მე მინდოდა, მეთქვა, რომ.. მაგრამ სრულიადაც მიზნათ არ მქონია შეურაცხყოფა ან ასეთი რამე. ნუ თუ შენ ასე გესმის ადამიანის გულწრფელი სიტყვები? მაგრამ არა, ჩემი სიტყვები.. მე არ მჯერა, რომ ჩემი სიტყვები შენ გაწყენინებდენ..
მე მხოლოდ მინდა, რომ ჯანმრთელად და მხიარულათ იყო.. მეც არ ვიცი, რათ მინდა ასე, ან რა უფლება მაქვს ჩემი სურვილები იმგვარათ ვთქვა, რომ შენ დაღონდე?
........და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები: მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი და წერილის მიწერა.. ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს, ოლია. მინდა, ვთქვა და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და გამოდის სრულიად სხვა. ვამბობ და ვწერ იმას, რაც არავის არ ესიამოვნება, ეწყინება. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მაგალითი, რომ ჩემი ტკბილი გამარჯვება კაცს დაცინვათ მიუღია.. ვერ გაიგებენ..
აი, ასეთი ცუდი კაცი ვარ მე, ოლოლ!
მე კიდევ არ ვიცი, უკანასკნელ წერილებს გულწრფელადა ვწერ თუ სიყალბე შემაქვს შიგ.. აი, თუნდაც ეს წერილი... ვერას გზით ვერ გავიგე, რა მინდა ვთქვა და რასა ვსწერ.. ღმერთმანი, ასე არის.. იმნაირათ ვწერ. [შენ ამ სიტყვებზე ერთს ძალიან ახტები ზევით, ოლოლ, მარა... შენც ჩაიხედე გულში...]. იმნაირათ გიგზავნი წერილებს, მინდა, რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს და უეცრად... შენ ყოველთვის - პასუხათ საომარ წერილებს გამოგზავნი.. ბრძოლის გუნებაზე დადგები, რაღა! კარგია, შენმა მზემ..

გ. ტაბიძე

[1914 წელი]