შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 10


ოლია!

მე ყველაფერს გეტყოდი, რომ რამე იყვეს. რაღაც გამოურკვეველი მწუხარება გამეფდა ჩემს გულში, როცა შენი უკანასკნელი წერილი წავიკითხე. რაშია საქმე? ვინაა ის ვაჟბატონი, რომელიც ასე ურცხვათ ტალახში სვრის ჩემს სახელს, ჩემს სიყვარულს? ან რა საქმე აქვს მას ჩვენთან? გამაგებინე - ვინაა იგი!
მე არ გამკვირვებია ეგ ჭორი: ეს ხომ პირველი არ არის.. არც უკანასკნელია! მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შენამდისაც მოაღწია ამ ქუჩაში შეთითხნილმა ამბავმა. არ ვიცი, რათაა ასე: ბავშვობიდანვე ჩემს ირგვლივ ჭორები ტრიალებენ, ბავშვობიდანვე რაღაც უჩვეულო ხმებს ავრცელებდენ ჩემზე. მე მაშინ უძლური ვიყავ, პასუხის გაცემა არ შემეძლო, მაგრამ სულ სხვაა დღეს: დღეს მე არავის ნებას არ მივცემ, რომ ცუდი რამ სთქვას ჩემზე ისეთი, რაც არ ყოფილა და მსგავსი რამეც არ მომხდარა.. ან რას გავს ეს უკანასკნელი ჭორი? მე მინდა, უსათუოთ სიმართლე გამოირკვეს, ამისთვის შემატყობინე, ვინ ბრძანდება ის ჭორიკანა.. რაისა ჩიხლაძის სახელი მოუცილებელ ჩირქად დარჩენილა ჩემს ცხოვრებაში; არა, ეს ასე არ უნდა იყოს.. მე ის არასდროს არ მყვარებია, მე ის არასდროს არც მეყვარება.. მე იმას სრულიადაც არ ვიცნობ, როგორც მეგობარს, მაშ, რა უნდა მის სახელს ჩემს სახელთან?
მაგრამ მე ერთი რამ მაკვირვებს: რატომ უნდა ილაპარაკონ ჩემზე ამდენი, ვინ მისცა მათ ამისი ნება? დროა, გამოირკვეს ყველაფერი..
შემატყობინე კიდევ ერთი რამ: ღირს თუ არა ის ვაჟბატონი იმათ, რომ პასუხი მოეთხოვოს ჩემგან? ღირს?
ქუთაისში სიწყნარეა.. მოწყენილობაა.. მომაბეზრებელი ერთფეროვანი ცხოვრება თითქო შემოდგომის ნისლიანი დღეების გაგრძელებაა და უკუღმა - შემოდგომის დღეები საშინლად ჰგავს ამ ერთფეროვან ცხოვრებას... ოჰ, რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი! ღმერთს გეფიცები, ვისმეს თავს შევაკლავ, თუ ასე გაგრძელდა.. საშინლად მომწყინდა ყველაფერი...დიდი ხნიდან დავეძებ მე ამ სიკვდილს.. მაგრამ არ მოდის იგი.. თავის მოკვლა არ მსურს, მაგრამ სხვა არავინა მკლავს.. ბევრჯერ მივეცი სხვებს შემთხვევა, მაგრამ მათ.. ხომ იცი, სიკვდილის ყველას ეშინია.. რომ იცოდე, რა მოსაწყენია ყველა ეს ინტრიგები, დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა, ჭორები.. თავის თავად იბადება სურვილი, რომ გაშორდე ყველა ამას - რადგან ამის მეტი ცხოვრებაში არა-არის-რა.

[1914 წელი]