შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 8


როგორც იქნა ქუთაისში ვარ!!!
ჩემი სალდათობის საქმე არც ისე სახარბიელოა. როდესაც სოფელში ჩავედი, გავიგე, რომ ჩემთვის შეცდომით პირველი რიგის შეღავათი მოეცათ... (Льгота первого разряда). ამის გამო სულ გამათავისუფლეს, არც კენჭის ამოღებაზე მივუწვევივართ, არც აზომვაზე. საწყალი დედაჩემი სიხარულით ფეხზე არ იდგა, რადგან ეგონა, რომ გადავრჩი. წარმოიდგინე, მეც ასე მეგონა. მთელი ორი კვირა დიდის სიხალისით გავატარე სოფელში, სოფლელები აღტაცებით მეგებებოდენ, როგორც დიდი ხნით უნახავ პირს. სწორედ ამ დროს მომდის უწყება, რომ ჩვენი შეცდომა გვსურს გავასწოროთ, თუ შეიძლება, ქუთაისში ჩამობრძანდით კენჭის ამოსაღებათო... მართლაც, ეს შეღავათი არ მერგებოდა, ეგონათ, თითქო მე ერთადერთი შვილი ვიყავი დედის. ნამდვილად ასე არ არის. ჩემი ძმაც წელს იღებდა კენჭს, მაგრამ გაანთავისუფლეს. მარტო მე ვარ ეხლა ამნაირ მდგომარეობაში.. სულ წამამწარეს ამ წყეულებმა, თუ რამე სიამე გამოვცადე სოფელში. სიჩქარით გამოვეშურე ქუთაისისკენ.
დღეს ნუცა შემხვდა... მართალი გითხრა, ძალიან გამეხარდა, რადგან შენი ამბავი მიამბო. შენ, თურმე, დიდებულად მოწყობილხარ [სოფელში] ჭიათურაში. მართლა ავად იყავი, ოლოლ? სად იყო ამ დროს შენი გალაკტიონი, რომ მხურვალე ალერსით განეკურნე ავადმყოფობისაგან. შენი წერილები გადმომცა ნუცამ...
....................................
В день двадцать раз привожу я в память все [это] свое прошлое и с какою то грустью я сравниваю „тогда“ с „теперь“.
მეცოდება, მენანება ჩემი წარსული, მარა რა ვქნა?
მეტს ჯერ-ჯერობით ვერასა გწერ, რადგან გვიანაა... მინდა, ვიყო შენთან, შენთან ვისაუბრო, შენი თანაგრძნობის ხმა გავიგონო... და ვიყო შენი, შენი, შენი,
შენი გალაკტიონი

P. S. ჩემი საქმე სულ თვე ნახევარში გათავდება. მანამდი კიდევ დრო მაქვს... ვიმეცადინებ, რაც გამეწყობა. წერილის ადრესი ამგვარია: Кутаис, гостиница „Гурия“, Г. Табидзе.
ოლოლ, ვერ გეწვევი ჭიათურაში, სანამ არ განვთავისუფლდები. მაშინ კი ჩამოვალ.. და მერე როგორ ჩამოვალ? სულ ტრიუმფით...
........................................
ეხლა ცოტა იმედი მაქვს.

მარადის შენი გ. ტაბიძე

გკოცნი!

[1914 წელი]