შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 6


ოლკინ! შენ იცი, როგორ სულიერ განწყობილებაში ვიცი მე შენთვის წერილების წერა. მოიგონე ჩემი წინანდელი წერილები.. ყოველთვის უსათუოდ დიდი მწუხარება მაწუხებდა, მაგრამ ეხლა პუშკინის ლექსით გეტყვი: „Мне тяжело, как смутное похмелье“. ყველაფერი დღეს სულ სხვანაირად მეჩვენება. მე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, რაც მოხდა შენი წასვლის შემდეგ. მივედი თუ არა ბინაზე, მე, დედაჩემი და ჩემი ძმა წავედით გორაზე ოთახისთვის, მაგრამ მხოლოდ ნივთების შეკვრა მოვასწარით. გადატანა არ მოხერხდა - რადგან მატარებელზე აგვიანდებოდათ. შემდეგ ისინი სადგურისკენ წავიდენ, მე კი თეატრში წავედი, საღამოზე.. როგორც მაშინ გითხარი, ამ საღამოზე გამოსვლა მე არ მინდოდა - მაგრამ მიცემული მქონდა სიტყვა. გავედი თუ არა, დავიწყე „მე და ღამე“, მაგრამ ვერ დავათავე, რადგან დამავიწყდა. უხერხული მდგომარეობიდან გამომიყვანა ერთმა გარემოებამ: იქვე კათედრაზე ვიღაცას ლექსი დარჩენოდა, ავდექი და მეც ეს ლექსი წავიკითხე. საზოგადოებამ შეატყო, ბევრი მიძახა მეორეჯერ, მაგრამ მე არ გავედი. ყვავილები ძალიან ბევრი მომიტანეს, განსაკუთრებით, როცა თეატრიდან გამოვედი. საშინლად ცუდ გუნებაზე ვიყავი. შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რომელიც მთელ ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება... მე და ლადო მაჭავარიანი ერთ რესტორანში შევედით სავახშმოდ. შევქეიფიანდით. როცა რესტორანიდან გამოვედით, გავწიეთ პირდაპირ ჩემი ბინისაკენ, მაგრამ კარები დაეკეტათ და ნახევარის საათის განმავლობაში ვიდექით, კარები არავინ არ გაგვიღო. რაღა გზა იყო, ჩვენ ისევე ქალაქში დავბრუნდით შუაღამისას, რომ ბინა გვეშოვა სადმე სასტუმროში. სასტუმროებში თავისუფალი და იაფი ოთახი ვერსად ვერ ვიშოვეთ და ვიყავით გაჩერებული ერთ ადგილას და ვფიქრობდით, თუ რა უნდა გვექნა. უცებ გამოიარა სათავადაზნაურო გიმნაზიის ხუთმა მოწაფემ ორი ახალგაზრდა ქალით. ერთმა მათგანმა ისე მძლავრად გამკრა მხარი, რომ ხელი ეხლაც მტკივა; გამკრა მხარი და მიდიოდა თავისთვის, თითქო აქ არაფერიაო, არც ბოდიშის მოხდა, არც არაფერი. მე ეს ძალიან მეწყინა და მივაყოლე: ცოტა ხეირიანად გაიარე მეთქი. გიმნაზიელი მობრუნდა, გაჩერდა და ისე დამიწყო ცქერა, თითქო დამცინოდა კიდეც. მთელი კომპანია შეჩერდა. მე მოთმინებიდან გამომიყვანა გიმნაზიელის უზრდელმა ქცევამ და ჯოხი დავარტყი.. ყველას ხელის გამოღება უნდოდა, მაგრამ ჩემი ჯოხი ყველასთვის მწარე გამოდგა. ამის შემდეგ ყველამ იკადრა პირის ბრუნება, მარა დაედევნა ლადო და მთელი გეგუთის ქუჩა სულ ცემა-ტყეპით გაარონია. პირდაპირ ზღაპრული სიმარჯვე გამოიჩინა, მაგრამ მე დავედევნე და შევაჩერე. შემდეგ მათი თანამგზავრი ქალებიც ჩაერიენ და მშვიდობა ჩამოაგდეს - მაგრამ ჩვენ იმ ღამეს არ გვძინებია... გავედით ქალაქ გარედ და ამასობაში კიდეც გათენდა. ლადო რედაქციისკენ წავიდა, მე ზევით, გორაზე. ოთახში მე მძინავდა ორი საათის განმავლობაში და როცა გამეღვიძა, ოჰ, შენ წარმოიდგენ ჩემს მდგომარეობას, რანაირი გამოღვიძება იქნებოდა. საშინელი უმწეობა, მარტოობა, სინანული. საჩქაროდ დავეშვი გორიდან ქვევით და, აი, ვწერ წერილს. ოლკინ, როგორ მოგწონს ეგ საქმე? ჯოხით, შენგან ნაჩუქარი ჯოხით კაცს ვცემდი... რა მეშველება, ოლკინ, ნუ თუ ყოველთვის ასე იქნება? ღმერთმანი, არ ვიცი, რა მემართება! ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ... ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს იგი არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა პირდაპირ. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო; მე ყველაფერს გეტყოდი...
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა! ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვისმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე... მაშინ შემიყვარებდენ. მე კი ისეთი პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ.. მაგრამ არაფერია, „Мы еще повоюем!“ შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?
მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ლომკინ?
მომწერე, იოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ... ყველაფერი, ყველაფერი მომწერე.. რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე „გალონი“. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაცა შორს, ცივ ქვეყანაში ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით... მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ, ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთად ერთო მეგობარო, ერთად ერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ... დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია - გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.
სხვა, როგორ იმგზავრე? გზაში ეშმაკობდი, არა? ოლკინ, ჭკვიანად იყავი და უბრალოდ ნურავის დაენდობი, ხომ იცი, რა საზიზღარი ქმნილებაა ადამიანი - ზოგიერთი.
ვერას გადაეცი ჩემი უგულითადესი სალამი, უთხარი, რომ მას დიდ პატივს ვსცემ... გახსოვს, ბაკურიანში რომ წერილზე ვეხუმრე, ალბად, ეხლა მას ჰგონია, რომ ჩემისთანა მატყუარა კაცი ქუთაისის ბულვარში არ დადის. აუხსენი, რომ მე არა ვარ მაგგვარი. მართალია, ხშირად ბევრი ცუდი საქმე მიქნია, მაგრამ ჩემი ეშმაკობა, უმეტეს შემხვევაში, არავის ზიანს არ მიაყენებს... გადაეცი სალამი ვერას.
მიშა ვნახე სანამდი სალიტ. საღამო დაიწყებოდა. მან მკითხა - ამეღამ გამოდიხართო? მე ვუთხარი. შემდეგ მკითხა, თუ რა შემადგენლობა იღებს მონაწილეობას საღამოში. მე ვუპასუხე, რომ ყველა სულელი ხალხია და მეც მათ შორის მეთქი. მიშამ ზრდილობიანად გამაწყვეტინა: - Вас можно выделить!..
სოფლიდან დღეს ჩამოვიდა მიშელი. ჩემი ამბავი გაეგო და ძლიერ მამტყუნებს - მარა ეხლა მეც თვითონ მცხვენია.
გადაეცი ყველა ჭიათურლებს: გალონმა შემოგითვალათ, ჩემს ოლოლს არაფერი აწყენინოთ-თქო.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს.. გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ... მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით.

გალ.

31 აგვ. [1914 წელი]