შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 4


მე თანდათან ვრწმუნდები, რომ სრულიათაც არ ცდებოდენ ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსები, არც გერაკლიტე ცდებოდა, როცა ამბობდა: „ადამიანის ბედნიერება თვითონ მასზეა დამოკიდებულიო“. ეს ნების თავისუფლებაზეა ნათქვამი, მართალია! ისიც მართალია, რომ ადამიანი თავისუფალია თავის სიცოცხლეში, და არავითარი ხელის შემშლელი პირობები არ არსებობს თუ არსებობს - შეგნება. თვითვე შეჰქმენი პირობები, თვითვე გამოსჭედე ბედი! მე ვცდილობ, მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მე მსურს. და თუ ეს არ მოხერხდება, დავარწმუნებ ჩემს თავს იმაში, რომ ბედნიერი ვარ. მე ვიცი, რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს, რაც სხვას არ გადახდია. მე ვიცი, რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს, რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული. მაშ, რატომ უნდა შევიგნო მწუხარებისა და დარდის  აუცილებლობა? შენ მწერ: ამ ქვეყანაში მუდამ მხიარულება მხოლოდ სულელს შეუძლიაო, რომელიც ბრმაც არის და ყრუც. შენ სწერ ამ სიტყვებს ისეთი ტონით, თითქო დასცინი იმ ბრმა და ყრუ ადამიანს, რომელიც მუდამ მხიარულობს... მაგრამ შენ სცდები! მე უბედნიერეს ადამიანათ მიმაჩნია მხიარული ბრმა და ყრუ.
არ არის ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელსაც თავისი მწუხარება არ ჰქონდეს, მაგრამ სწორედ სულელია ის ადამიანი, რომელიც თავის მწუხარების გარეშე ვერაფერს ვერ ხედავს...
პირობები? რა არის თავისთავად პირობები? შენ ეს პირობები მიგაჩნია ცხოვრების ერთნაირ კალაპოტათ, ბედნიერებისა და უბედურების საწყაულათ. ჯერ პირობები და შემდეგ ბედნიერებაო - გაიძახი -
მაგრამ იცი, რა გითხრა: ჯერ შენ შეიგნე საკუთარი ბედნიერების ძლიერება და დაინახავ, რომ პირობების საძირკველი ფუყე ყოფილა.
რაც შეეხება ჩვენს სიმახინჯეს, მე ეს შიუკაშვილისაგან არ მისესხებია. იქაურ სიმახინჯეს სულ სხვა საფუძველი აქვს - მე კი სულ სხვას გწერდი. მე არც კურსისტკები მიხსენებია წერილში - შენ კი მწერ:  „Разве те курсистки или в общем девушки, которые много занимаются, они же жаждают жизни?“ ვინ მოგახსენა? ცხოვრება ყველას სწყურია და მით უმეტეს, დღევანდელ კურსისტკებს, მარა ისინი ყველა ხელიდანაა წასული. მათ პატრონებს იმათი იმედი ნუღარ აქვთ.. მახინჯები არიან.
მე, ოლია, მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ მეტის მეტი მწუხარება და სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო მწუხარება - ადამიანის დამახინჯებაა-მეთქი. მეთანხმები, არა? მწუხარება, სერიოზული მიზეზებით გამოწვეული, ღრმა, ადამიანებისთვის ყოველთვის დაფარული და მიუწვდომელია. გაიგე? მე ვიცი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ჩუმათ, უსიტყვოთ. არავის არ ესმის მათი მწუხარება, რადგან ისინი არავის არ უზიარებენ თავიანთ ფიქრებს.. მე მიყვარს ასეთი მწუხარება. სიტყვით ნათქვამი - ყველასთვის გასაგონი მწუხარება - ყალბიცაა და დამახინჯებულიც!
მაგრამ მეც შევტოპე ერთ სისულელეში.. დავანებოთ ამაებს თავი და მომწერე, როგორ ატარებ დროს ჭიათურაში? ვინ არიან შენი მეგობრები, ან როგორი მეგობრები არიან, და სხვ.
მე მომწყინდა ყველაფერი! Хандра!
მინდა, გავიქცე აქედან სადმე, მაგრამ ჯერ სხვა საქმეები უნდა მოვაწყო. ზაფხულზე გადავიკარგები აქედან.. და გადავიკარგები ისე, რომ არასდროს ქუთაისი არ ვინახულო.. აქ ისეთი ბოროტი ადამიანები არიან, ოლია! ისეთი ბოროტები, ისეთი ბოროტები!
ხელოვნება? - სისულელეა!
მშვიდობით, ოლია!
გ.

საშა ოკუჯავა ქუთაისში ბრძანდება. კოლია და ნინა დიდ ამბავში არიან - აიკლეს ქუთაისის ბულვარი. კუზიანი უგზო-უკვლოთ დაეხეტება. ნუცა „Ах, пожалей“-ს მღერის. ვანო ტუაფსეში გავამგზავრეთ - ერთ ღამეს იმასთან ვიყავით, სანთლები ჩავაქრეთ და ნუცამ ბულბულივით იმღერა. რა ნაზი ხმა ჰქონია, ღმერთო ჩემო.
ჩემი წიგნის საქმე დიდებულათ მიდის. ივანე გომართელმა ისეთი მშვენიერი კრიტიკული წერილი დასწერა, რომ რა გინდა!

მარადის შენი


[1914 წლის 28 თებერვალი]