შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 3


ოლოლ!

გამარჯვება!
შენი წერილი მივიღე - და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი, რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში. უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებათ წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხან-მოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა - აი, თავი და თავი მიზანი ბედნიერების.
ნუ გეწყინება, ოლია, და მე პირდაპირ გეტყვი: შენ სრულიადაც არა ხარ უბედური ადამიანი, ან და თუ ხარ, იმდენათ, რამდენათაც ყოველი ჩვენგანი. მაშ, რატომ უნდა ემდუროდე შენ ბედს? შენ უყვარხართ და შენ გიყვარს!
მაშ, რატომ ხარ უბედური?
ამბობ, რომ ავადა ვარო - მაგრამ მცირე ექიმობა და შენც თავისუფალი იქნები. თუ იმდენათ სულელია ადამიანი, რომ ექიმთან მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია - იმისი ხომ არაფერი ღირს!
ოლია, თუ სწუხხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს -  დაივიწყე!
არაფერი იმაზე სამწუხარო არა-არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთად ერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში - სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჟე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.
ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით - ჩვენ გვამახინჯებს.. საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებათ გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია „ტანჯვა“, „გამოუთქმელი მწუხარება“, „სულის სიცალიერე“ და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ „სიცოცხლე“, „სიხალისე“, „ბედნიერება“-თქო.
თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება! გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი. თუ სიყმაწვილეშიაც უბედურათ წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?
ოლია, არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება!
Жизнь на радость нам дана!
თავს მოუფრთხილდი, ოლია! თუ ჯანმრთელობა არ იქნა, რად გინდა რამე? მთელი შენი „настроение“-ბი და იმისთანაები სულ იმისგანაა, რომ თავს არ უვლი. აი, თუნდაც შენი საჭმელი - არაფერს არ სჭამ და რა გასაკვირველია, რომ ავად იყო. ოლია, თუ გინდა, რომ ორივენი როდისმე მაინც ბედნიერები ვიყვეთ, უპირველესათ გახდი ჯანმრთელი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, სავსე იმედებით, რწმენით! ცხოვრებასთან გასამკლავებლათ საჭიროა როგორც მშვენიერი და სიხალისით სავსე სული, ისე ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა!
ოლია, საზაფხულოთ უსათუოთ ერთად ვიქნებით სადმე.. აი, ნახავ. თუ საზაფხულოთ არა, მოსკოვში ხომ მაინც.. თუ მოსკოვშიაც არა, როდისმე ხომ მაინც ვიქნებით ერთად? ჯანი გავარდეს. მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი, ისე გულით მინდა, მაგრამ რა გავახერხო? სტიპენდიაზე ფიქრი ტყუილია. სხვაფრივ კი არ შეიძლება.
მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები და კურსისტკები რუსეთიდან, საზღვარ-გარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს. და პირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტათ შურიანი რომ არ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასთვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ..
ოლია, მომწერე წერილი.
მაშ...
იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.

შენი გ.

1914 წ., 18 თებერვალი, საღამო