შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 2


ოლია!

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცალიერემ მოიცვა მთელი ჩემი არსება.. სიცალიერემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი. როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლო ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ. ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არა-სასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა ან და კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას.. მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა მეთქი.
მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც შენა ხარ ქუთაისში.. როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან.. თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არა გვაქვს.
აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:
ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბენით, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილ-მისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. და აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი.. მე ერთი გადავხედე ყველას.. ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს შენს ხელ-ახლა ჩამოსვლამდე.
შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან. მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა, სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც...
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს „ჩატეხილი ხიდი“ უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.
რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნება ეს ასეა?
სადგურიდან წამოვედით... მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან).. მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით. როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს.. მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულათ მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა.. მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?
....................................
დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. საწყალი დედა! იგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო... რამდენი ხანია, კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან.. თითქმის ოთხ წელიწად-ნახევარია.
ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონია მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. ეგ კი არ იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდისმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელი ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა..
რა უნდა ვქნა ეხლა?
სადაა საშველი გზა?
....................................
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი? მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე... და

რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით,
სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?

ასეა საქმეები, ჩემო ოლია..
იყავი კარგათ..
მშვიდობით!

მარადის შენი გ. ტაბიძე

[6 იანვარი, 1914]