შუალედი - დან - მდე
 
 


შვიდი ახალი წელი


ამხანაგებო! წვიმათ
უსაშინლესი თალხით
მოსილი იყო წინად
მიწა, ქართველი ხალხი.
მაგრამ გულითად სალამს
დღემგზნებარე და მწველი
ინახავს შოთას კალამს
მრავალთ-მრავალი წელი!

ჩვენ მეგობარი ბევრი
შემოგვაცალა მტრობამ,
დაუნდობლობის კევრი...
შეუწყვეტელი წყრომა...
ეჰა, მშობლიურ გემის
გზა იყო ძნელზე ძნელი,
იმ დროს იგონებს ჩემი
არც ისე ბევრი წელი.

სუნთქვა წამებულ მხარის
თუ კვნესა იყო მარად,
გრიგალისებურ ქარის
რომ გადაიქცა ქნარად.
თუ შავი იყო ქაფი -
მაინც მხარეთა მცველი,
მოვარდა სწრაფზე სწრაფი
ცხრაას ჩვიდმეტი წელი!

დიდი ლენინის სახით
დიად სიმართლის მთქმელი
განვიცადეთ და ვნახეთ
ცხრაას ჩვიდმეტი წელი.
აწ რაც არ უნდა თხარონ
მტერთ საიდუმლო ხვრელი,
მიაგნებს იმათ ხაროს
დიდი მშვიდობის წელი!

უკვდავი იყოს მათი
თავდადებული ქროლა,
რომელთათვისაც ხატი
იყო ქვეყნისთვის ბრძოლა.
და დღეს მშობლიურ ალამს
შლის ჩვენი მთა და ველი,
უძღვნის მხურვალე სალამს
მრავალთ მრავალი წელი.

წელთა ვეფხებრივ ნახტომს
არ აქვს თმენა და რიგი...
ვინ მოელოდა ატომს?
საიდან გაჩნდა იგი?
აგერ მომავალ წელთაც
გარს ღელვა არის ვრცელი.
მისდევს - ვით ელდას ელდა -
ერთ წელს მეორე წელი...

ვთქვათ - წიგნთა მრავალთ ზღვა ტომს
მიაქვთ თვისება ტალღის -
მაგრამ ყოველგვარ ატომს
სძლევს ძლიერება ხალხის!
შორეულ გზებზეც ისმის:
მოდი, ძვირფასო, გელი.
ყველას მიუზღავს მის-მისს
შვიდი ახალი წელი!

ბედისწერაა ალბათ...
თქვენ გადახედეთ წარსულს...
ვინ მოელოდა წყალბადს?
რას იმუქრება, რა სურს?
ფერი ეცვალოს ჭაობს,
ბაღად გადიქცეს ლელი,
ხარობს, ლაღობს და ხვავობს
შვიდი ახალი წელი!

შორს შრიალია აფრის -
აგე - მიმალულს ბნელში
კაცს - ატომგულის მძაფრის
იარაღი აქვს ხელში.
ის გზა იქცევა ბაღად
უდაბური და ხმელი,
გადაიშლება ლაღად
მრავალთ-მრავალი წელი.

თუ არ არსებობს ნანა
და არც სიმშვიდე ჯარის,
უეცარია განა
თავდასხმა უეცარი?
დაე, მსოფლიო გახდეს
უგულწრფელესად ქველი...
მას გაეშალოს ტახტად
მრავალთ მრავალი წელი.

გული მაინც არ ცხრება,
რომ დრომ მახვილი დაჰკრა
და მსოფლიოში - წყება
საგანძურების - გაჰქრა.
და მიდის, განა მშვიდათ,
ხანა არც ისე გრძელი,
რა იყო, მაგალითად
ორმოცდაათი წელი?

ასე სახალხოდ რგულით
ნათლით რომ ასე ნათლობ -
გმადლობთ სულით და გულით,
ო, გმადლობ, გმადლობ, გმადლობ!
იდიდე კიდით-კიდე,
იმ ზღაპრულ ოქრონარევ
დაფნით იდიდე კიდევ,
ჩემო სამშობლო მხარევ!
                 
[1958]