შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საღამო ხანს ქობულეთზე...


საღამო ხანს ქობულეთზე
ზღვიდან მოდის მშვიდი დარი.
ნაპირებზე ირხევიან
სანერგე და კოინდარი.
ერთიორად მოსავალი
გადიდდა და გახდა მყარი,
დაგვის, ჩაქვის და ხუცუბნის
აყვავების საწინდარი.
ოჩხამურო! მახსოვს შენი
ძველისძველი ნახიდარი,
ბობოყვათის ფაბრიკიდან
ბოლი ორთქლად ამომსკდარი,
იგი მჭვარტლიანი სხვენი,
იგი კერა და ღადარი.
ცეცხლაურთან, ხუცუბანთან
ტკბილზე ტკბილი საუბარი,
ტოტი მუხა-ესტატესი -
კვირიკეთზე გადამწვდარი.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]