შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აურია, დაურია...


აურია, დაურია
ხალხს ომებმა გზა და კვალი.
თმაში თეთრი გაურია
და მრისხანედ უჭრის თვალი.

აურია, დაურია
ხალხს ომებმა ცნობა მთელად,
თასში შხამი გაურია,
რათა მოეწამლათ ყველა!

აურია, დაურია
ხალხს ომებმა შრომის გზები,
თითქმის მზეც კი დაულია
და დაუჭკნო ყვავილები!

წყეულ იყავ, - ომის ფარდა
თვით ზეცამდე ასწი ვინცა,
რომ ბერი თუ ახალგაზრდა
გაგენგრია დედამიწა!

[1957 წლის 14 აგვისტომდე]