შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტრფობას სამშობლოსადმი...


ტრფობას სამშობლოსადმი
გულში ვინ ამოშლიდა;
რომ არა სჩანს ქართველი,
ნეტა ვინ ამოჟლიტა?
სისხლის ღვარი ამდენი
ნეტა ვინ დააყენა,
ჭირი სხვადასხვაგვარი
კარზე ვინ მოაყენა?
არე მათი ცხედრებით
ნეტა ვინ გადაფარა?
ვინ წაართვა სამარე,
ბნელს ვინ გადააბარა?
რატომ, რისთვის, მითხარით,
აქ ვინ რა დააშავა?
მიწა რამ გააწითლა,
ზეცა რამ გააშავა?
წინ მიმქროლი მერანი
ამ გზად ვინ შეაყენა
და აქამდე ნათელი
დიდი გზა ვინ გაჰყინა?
ვინ სად გადაასახლეს?
სიბნელევ, რა დაგარქვა?
ცხრა მთას იქით ეს ხალხი
ნეტა ვინ გადაჰკარგა?
კაცი, ვისაც სიმტკიცით
ვერავინ გადახრიდა,
ვინ, რომელი იუდა
კაცის ხელმა დახვრიტა?
წყლული ვით მოშუშდება
საამო მოშუშებით,
მწერლობა, ოჯახები
აივსო ჯაშუშებით.
ვინ არის ის, ამდენი
სისხლი რომ დააქცია.
ვინ არის ის, ედემი
უდაბნოდ რომ აქცია!
ბერიაა, სამშობლო
სისხლისფრად რომ მოხატა,
ბერიაა, ქართველ ერს
სული რომ ამოხადა!

1956 წ., 18 თებერვალი