შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე ვუსმენდი ხალხს მომღერალს...


მე ვუსმენდი ხალხს მომღერალს.
ვითარდება, რაც იწყება,
იმ ხმის ამ ცხოვრების გზაზე
არ მომხდარა დავიწყება.

ის ხმა შეიცავდა სივრცის
უსრულობას და დიდებას,
რაიც ქვეყანაზე ვერსად
ვერ იპოვის დამშვიდებას.

არის უბადლოთა რამეთ
სულ უბრალოდ ათვისება,
მაგრამ გაერთიანების
სხვაა სული და თვისება.

ხდება ერთად შეთავსება
უცხოდ გრძნობამორეულის,
რაღაც საერთო და დიდი
ხმის, ახლობელ-შორეულის.

აახლოებს რაღაც საგნებს,
მშრალს და კერძოს, სხვადასხვაგვარს,
ერთის ხედვით საგნებს, რომელთ
ვერ უპოვის ვერვინ საზღვარს.

ხალხი მღერის, მღერის ხალხი,
და ცა უსმენს არა ლოცვით,
არამედ სხვა, გამოუთქმელ
აღტაცების გარემოცვით.

ხმა მიდის გზით, სიცოცხლის გზით,
ვითარდება, რაც იწყება -
იმ ხმის მთელ ცხოვრების გზაზე
არ მოხდება დავიწყება.

1956 წლის იანვარი