შუალედი - დან - მდე
 
 


სტუმრად აკაკი წერეთელთან


ცხოვრობს კაცი ჟამმრავალი
ერთ უდაბურ ტყეში.
არ უნახავს ორთქლმავალი
თავის სიცოცხლეში.
რას ჰქვიაო ყანწების თვლა
რვაა, ცხრა თუ ათი.
ცხოვრობს კაცი, აქვს წელთა სვლა
ას ორმოცდაათი.
მე მიყვარდა, მისი როსმე
საუბარი წყნარი:
- შენ ამდენხანს ვერ იცოცხლებ,
გშველის მხოლოდ ქნარი.
ლექსი გაჰკვეთს წელთ ღონებას,
საუკუნეთ ნისლებს
თუ ოცნებაც გემონება,
თუ რკინისგზაც გიძლებს.
შენ ქალაქში სად ნახავდი
მოხუცს ჩემი ხნისას,
იქ ოცი წლის ახალგაზრდა
ჰგავს ორასი წლისას.
- მართალი ხარ, - ვეტყვი, - იმ ხალხს
მოსწყდა ყოფნის გემო.
შენ იცოცხლე კიდევ დიდხანს,
ბერიკაცო ჩემო...
                
[1956]