შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კაფეს სახე ადევს ბუჩქის...


კაფეს სახე ადევს ბუჩქის,
საიდანაც ვხედავ მთმენელს
დიად პუშკინს, მოკლულ პუშკინს,
პოეტს ბრძენს და შეუცდენელს.
მაგრამ ბუჩქი სხვარიგია
შეჩვეული სხვაგვარ ჰავას,
იქ - პუშკინი ტარიგია,
აქ - ვიღაცა ითხოვს ყავას.
აქ ხომ ჩანგი არ იმღერის
არც მიღწევას, არც დანაკლისს.
იქ - დამბაჩა ბედისწერის,
აქ - ჩხრიალი დანა-ჩანგლის.
ძველი არის ეს ამბავი,
მაგრამ მარად ახალია.
გულგრილობა დასდევს შავი,
რაც კარგი და მაღალია.
               
[1956]