შუალედი - დან - მდე
 
 


ქრისტინე


როცა ოცნებას მოვაცლი არტახს
და მისი ქროლა ვარდებს მიმოშლის,
როცა გავხედავ იდუმალ პარტახს,
რომელიც სევდით ჰკლავდა ნინოშვილს,
ქარში ქვითინებს ქალის სახება,
მთლად უბედურის, სუსტის და მორცხვის,
გაპარტახება, გაპარტახება,
გაპარტახება სულის და ხორცის.
ო, უპატრონოდ შთენილო სახლო,
ო, ეზოვ, სადაც მსხვერპლია ქალი,
არ შემიძლია ვიდგე შენს ახლო
და ცრემლებით არ ამევსოს თვალი.
მიდამოვ, ასე ტიტველ-შიშველო,
საშინელია შენი ჩარდახი...
არ შემიძლია რითმე გიშველო
და გულიც ლამის გახდეს პარტახი.
                   
[1956]