შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მტკვარს ვერის პირად...


მტკვარს ვერის პირად
ხე დაჰყურებდა,
როს მას თიბათვის
მზე ახურებდა.
ხეობებიდან
წამოსულ ნიავს
ის თავადივით
იმსახურებდა.

წარვიდა ჟრჟოლა
იმ ნიავქარის,
სხვაგვარად ისმის
დუდუნი მტკვარის.
ვერის ხიდთან რომ
მტკვარს დაჰყურებდა,
იყო ერთი ხე
და აღარ არის.

იმ ადგილს ბუჩქი
სხვაგვარი დარგეს,
ხიდი ასწიეს,
ტევრი მოქარგეს,
და სანაპირო
ულამაზესი
დასცქერის ახალ
მდინარის სარკეს.

1955 წლის 26 სექტემბერი
იფნის ბაღი