იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე
მიცურავს, როგორც ხომალდი ზღვაზე,
აცურებული იფნიან მთაზე -
შუქი. სხვა ასე, ლამაზი ასე -
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
რა მზიანია - ბანაკის თაღი,
ორი არწივი სცურავს ფრთალაღი,
ძვირფასი ბაღი, საამო ბაღი
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
ისმის ბავშვების ხმა კმაყოფილი.
მათით დატვირთულ-გადაყოფილი,
მოჰქრის ცისფერი ავტომობილი
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
ხელთ გეპყრა შოთა, შექსპირი, ფედრა,
სახლის კარებში ერთხელ შეხვედ რა -
დაუვიწყარი გვქონდა შეხვედრა
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
1955 წლის 27 აგვისტო
იფნის ბაღი