შუალედი - დან - მდე
 
 


ბორჯომის მუხა


თანაბრად მომხრეა მშვიდობის, მშვიდ რხევის,
ბორჯომის მუხაა თუ ვერხვი ჟენევის!
ჩვენ მესხეთ-ჯავახეთს ავედით; ჩვენ ვნახეთ,
თუ როგორ გაშლილა სივრცეთ და სილაღეთ
ქედები მწყემსების; ავყევით თრიალეთს
და ვნახეთ კოშკები, ქცეული სიალეთ.
და მაღალ მთებიდან აქ მოგვაქვს ალამი,
რომ მხოლოდ გულწრფელი
                           მოგიძღვნათ
                              სალამი!

სალამი მშვიდობის თვალუწვდენ ხეობას,
სანატრელს რომ იხდის სიმშვიდის დღეობას,
სალამი მთებიდან მოსხლეტილ ჩანჩქერებს,
ხეობებს მშვიდობის ჟღერით რომ აჟღერებს,
სალამი სიმღერას! ის მრავალძალია,
იქ, სადაც განთქმული ისეთი წყალია,
რის ძალას, ვთქვათ, ბევრის ვერ ასწერს კალამი,
მხურვალე სალამი,
                          სალამი,
                              სალამი!

სალამი შრომასა და უშიშროებას,
ასე რომ სწყურია თაობას, დროებას.
სალამი იმ ძვრას და იმ ურთიერთობას,
ხალხთ შორის მტკიცეს რომ აღადგენს ერთობას.
სალამი ნაკადებს, გრძნობით რომ მოღვარეს,
სალამი ოჯახებს მშვიდობისმოყვარეს,
ფენოდესთ ყვავილებს ლურჯ ზეცის ცვარ-ნამი,
მხურვალე სალამი,
                          სალამი,
                              სალამი!

სალამი მშვიდობის თვალწარმტაც ხეობას,
მის ტურფა ბუნებას და მოსახლეობას.
სალამი მშვენიერ მშობლიურ მთა-სერებს,
გულით რომ ისვენებს და სხვასაც ასვენებს,
სალამი ძველ მუხას, წარსულს რომ იხსენებს -
ჩრდილქვეშ რომ გვასვენებს და თვითაც ისვენებს.
ჩვენ მაღალ მთებიდან აქ მოგვაქვს ალამი,
რომ მხოლოდ გულწრფელი
                          მოგიძღვნათ
                              სალამი!

1955 წლის 2 აგვისტო
ბორჯომი