შუალედი - დან - მდე
 
 


მესხეთ-ჯავახეთი


გადმოვლახეთ მთა და სერი, მოვიარეთ ჰანგძლიერი,
მშვენიერზე მშვენიერი იმერეთი, ქართლ-კახეთი.
ჟამთა ცელმა ვერ აჩალა თვალწარმტაცი მთა და ჭალა,
და, ჰა, თვალწინ გაიშალა - ძველი მესხეთ-ჯავახეთი!

აქ ვარძიის მკვიდრ სავანეს ცა ანათებს თაფარავნის,
მთა მრავალი ამირანის, მრავალ საუკუნის სვეტი.
იყოს მრავალჟამიერი უძველესი ჩვენი ერი,
მისი სახე, მისი ფერი, მისი მესხეთ-ჯავახეთი!

ვნახულობდით მთებში მწყემსებს, და ვმღეროდით ახალ ლექსებს,
რომ დროს გააუკეთესებს შრომა მხვნელი, შრომა მჭედი,
რომ მშვიდობა არ თავდება, რომ მზე ამოთავთავდება,
და კვლავ უფრო აყვავდება ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი!

ამოძრავდეს მთა და ქედი, გამობრწყინდეს ქართლის ბედი,
ახმაურდეს ვეფხი მეტი, მეტის ძალის და იმედის.
დღეგრძელობდეს მესხი! თან ის, მესხი უახლოეს ხანის,
მესხი „ვეფხის ტყაოსანის“, მესხი - მესხეთ-ჯავახეთის!

1955 წლის 30 ივლისი
ახალქალაქი