შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მიანგრია რა მთა...


მიანგრია რა მთა კლდეებით
    გადანარაგვი,
ერთი არაგვი მეორესკენ
    მიჰქრის ლაღადა,
მეორეც მისკენ გაეშურა,
    დაინახა და
ასე ერთმანეთს მოეხვია
    ორი არაგვი.
ძეგლებს მშვენიერ წარსულისას,
    დროვ, ვეღარ აჰგვი.
მათი ნაშთები უკვდავებამ
    დროშად გახადა,
ჟამთა სიავემ მათ გვირგვინი
    ვერ გადახადა,
მიექანება მათ კალთებში
    ორი არაგვი.
იმათ მისძახის აღტაცება
    ტყეების ხშირის,
მათ მიაქანებს მცხეთისაკენ
    გზა გმირთა გმირის,
და სიდიადეთ აღმართული
    სვეტიცხოველი.
მაღლიდან მტკვართან შეერთებას
    დაჰყურებს მწირი,
იმარჯვებს ძმობა, სიყვარული,
    მზე, ერთი პირი
და მეგობრობა განუყრელი,
    განუყოფელი!

1955 წლის 9 იანვარი