შუალედი - დან - მდე
 
 


ო, ნანა, ნანა, ნანა


გაფიქრებასებრ
ჩქარი,
გარეთ გრიალებს
ქარი.

გარეთ დაფიქრდა
ქარი,
აქ კი - ის, შენი
ნინო.

მიდის ტალღაზე
ტალღა,
ვით იერიშზე
ჯარი,

გახსნილი არის
კრება,
ოპერა, ცირკი,
კინო.

ხელთ აუღია
თეატრს
უზარმაზარი
ქნარი,

ქუხს ტრომბონის ხმა,
ჩანგი,
ბუკი და
პიანინო.

ხმა ორკესტრის და
სცენის
გრიგალს მიჰყივის
თანა.

შენ კი დამშვიდდი,
სულო,
ო, ნანა, ნანა,
ნანა...

რეაქტივივით
ჩქარი
კვლავ მიგრიალებს
ქარი.

შენაც მშვიდობა
გინდა,
ჩემო პატარა
ლაშა.

კედლით გიმღერის
ექვსი
მგოსნის ძვირფასი
ქნარი:

რუსთაველს,
გურამიშვილს,
ბარათაშვილს და
ვაჟას,

წერეთელს,
ჭავჭავაძეს
სურთ დაგიჭირონ
მხარი, -

მათ მარადისი
ხსოვნა,
მათ დიდება და
ვაშა!

და კიდევ დედა-
შენის
ნანა არ გიცავს
განა?

ო, ნანა, ნანა,
ნანა!
ო, ნანა, ნანა,
ნანა!

[1954 წლის 25 ნოემბერი; 1956 წლის 17 დეკემბერი]