შუალედი - დან - მდე
 
 


* * * და მახსოვს ცხრაას ჩვიდმეტი...


და მახსოვს ცხრაას ჩვიდმეტი
არა ფარული წუხილით,
არამედ მთლად გაჟღენთილი
ელვით და ჭექა-ქუხილით.

მახსოვს, ვით გადმოიღვარა
მეხით, სულ წუთის მსგავსებით,
მხოლოდ მთლად, თავით ბოლომდე
თავდაუჭერლად, სავსებით.

ის დაიღვარა მიწაზე
არა ნაკადთა იერად,
არამედ მდინარეებად,
მსოფლიო თავსხმად ძლიერად.

მე მახსოვს, მზეს შევნატროდით,
ბურუსში იყო ფარული
სიცოცხლის სითბო, სინათლე
მთას იქით გადამალული.

სანამდის ამოვიდოდა
სავსე მიწის და ცის მადლით
მზე, გაჟღენთილი ფარული
ცეცხლით, სითბოთი, სინათლით.

ეხლა მაისის მოსვლას ვგრძნობთ,
შეკუმშვას რამეს მზის მსგავსით.
სინათლეს სიუხვისაგან,
თავშეკავებას - სისავსით!

1954 წლის 1 ოკტომბერი