შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სუფთა სინდისი...


სუფთა სინდისი, სისპეტაკე
და სიმკვეთრეა,
სინდისისათვის ცა ლურჯია,
თოვლი თეთრია.
უხსენებლობას სურდა ბნელში
რომ ჩაეთრია
ყველა მებრძოლნი, რომელნიც კი
ჩვენ შეგვხვედრია!

ძმებო მწერლებო! მრავალ ათას
კილომეტრიან
გზით მშენებელნი ჩვენ სიმღერებს
გულწრფელს გვვედრიან,
რომ მივაწოდებთ - ეს ახარებთ
და არ გვყვედრიან
ის მკითხველები, რომლებიც კი
ჩვენ შეგვხვედრია!

გავხედავ ხშირად ჩვენს ცხოვრებას
    ლიტერატურულს,
ვინ არა ხედავს ამ შეცდომებს
    და გზას გამურულს!
გარს ჭაობისას აყენებდნენ
    ბურუსს და ბურულს,
ხელის შემშლელნი! ისინი სად
    არ შეგვხვედრიან!

შეხედეთ: აი შვიდი ტომი,
    ჩემი ტომები!
რაოდენ გრძნობით, სიყვარულით,
    რა მონდომებით
იტაცებდნენ მათ ბრძოლებით და
    დიდი ომებით
პატრიოტები, რომლებიც კი
    მე შემხვედრია!

წინ, წინ მიიწევს უწმინდესი
    შემოქმედება,
არსებობს ხალხის მხარდაჭერა,
    თავგამოდება!
იგი გვამხნევებს, ის გზას აქცევს
    დაფნის ტოტებად.
ეს მხარდაჭერა, აბა, მე სად
    არ შემხვედრია!

ძმებო მწერლებო! მრავალ ათას
    კილომეტრიან
გზით მშენებელნი თუ სიმღერას
    გულწრფელს გვვედრიან,
მივხედოთ სინდისს! ძირს ყოველი
    უხსენებლობა!
გზა სუფთა სინდისს! ძირს სიბნელე,
    რაც შეგვხვედრია!

1954 წლის 9 იანვარი - 3 ივლისი
(სამკურნალო კომბინატი)