შუალედი - დან - მდე
 
 


მარად მგზნებარე


ასე დიდებით მიჰქრის და მოჰქრის
მარად მგზნებარე ალი ოქტომბრის...

მსოფლიო გზებზე სხივთა მფენელო,
სამშობლოვ ჩემო, თვალუწვდენელო!

ჟღერს შენი თუჯი, ფოლადი, რკინა,
კაცთა ურიცხვთა დაუდევთ ბინა.

შრიალებს ბაღი, ბიბინებს ყანა,
დიდ გზაზე მიდის ჩემი ქვეყანა.

მან მუდამ ლაღი სიცოცხლე იცის,
ყველას თანაბრად ჰგრძნობს სივრცე მიწის.

ვცხოვრობთ ხვალის დღის შენებით, შრომით,
არ ვიმუქრებით რბევით და ომით...

მშვიდობას ითხოვს ხალხთ ჟრიამული,
მშვიდობას იცავს ჩვენი მამული.

და იმნაირი სივრცე გვაქვს, რომა
ვერც ცეცხლი ანგრევს, ვერც ქართა წყრომა.

კაცთა ნათესავს ყოვლის მკობელი
შემსგავსებული აქვს სამყოფელი -

თავისი მკვიდრი და უმჯობესი
თვითეულ ერს აქვს რაიმე წესი.

ღირსი ხარ ქვეყნად მიბაძვა-ქების,
შენ ახალი მზე შეჰქმენი გზნების.

ასე დიდებით მიჰქრის და მოჰქრის,
მარად მგზნებარე ალი ოქტომბრის!

[1953 წლის 6 ნოემბრამდე]