შუალედი - დან - მდე
 
 


ვერანა!


ღვთაებას ერქვა ვენერა ძველად,
მრავალთ აღმგზნები და გამთიშველი,
              ის გულის მწველად
იყო ლამაზი და მთლად შიშველი.

მხიბვლელი იყო ვენერა, როს ის
მხოლოდ ლეგენდით იყო მმოსველი,
             შორი მილოსის
გამო უწოდეს მას მილოსელი.

ცის საიდუმლო მარადის ჰკლავს კაცს:
და გლეხი კაცი კი ვერ გაერკვა:
             „შუქურ-ვარსკვლავსაც -
ცისკარს ვენერა რისთვის დაერქვა?“

კავთისხევშიაც ქალი ვენერა
გამოიგზავნა ქალაქიდანა.
             სხვა გულისძგერა -
მან ქალაქიდან ჩამოიტანა.

ის შეუყვარდათ, განა ეჭვია,
მაგრამ დახედეთ აქ ბედისწერას,
             ვერ შეეჩვია
ხალხი ამ უცხო სახელს: ვენერა.

„ინტლიგენტლების“ შესძრა რა ბგერა
და შეკურთხებაც მიუზღო თანა,
             ამ ჩვენს ვენერას
ერთხმად დაარქვა ხალხმა „ვერანა“.

- ვერანა, წიგნში არ იხმარება.
- ვერანა! - ამბობს გიგაანთ კესა
             და ჩვენებაანთ
ამღერებული ბიჭი ქიტესა.

მაგრამ ვენერას თავისი გააქვს,
მის ვაჟთ ერთს ცოტნე, ერთს შიო ერქვა,
             ახლა დაარქვა
„პროცენტია“ და „შიფონიერკა“.

1950