შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემო კარგო ქვეყანავ...


ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩანგის ჩემის გენია,
არსით მზე რომ არ სჩანდა,
ეხლა რაოდენია!
დროშებშია მაისი,
აღტაცება გფენია:
ხედავ, მთელი მსოფლიოს
ნახევარი ჩვენია!

დროშებით - მშვიდობისთვის,
გრძნობა არ ათავდება!
დროშებით - ერთა ძმობა
უფრო ათავთავდება!
დროშებით - კომუნაა -
აქ სიტყვა არ თავდება:
რადგან მთელი მსოფლიოს
ნახევარი ჩვენია!

შენს შვიდ მგოსანს სახალხოს,
შვიდს - დაფნის გვირგვინიანს,
რუსთაველს, გურამიშვილს,
ბარათაშვილს, ილიას,
აკაკისა და ვაჟას
დროშებს ვარდ-ყვავილიანს
უწვდი: მთელი მსოფლიოს
ნახევარი ჩვენია!

ვფიცავთ - არ გიღალატებთ!
მიწამა და ზღვამ იცის,
თუ ამ შვიდმა ვით იგრძნო
მიწის ბრუნვა, ნამი ცის.
ჩვენო კარგო ქვეყანავ,
შვენებავ დედამიწის,
ამ დროშებით მსოფლიოს
მომავალი ჩვენია!

[1950-იანი წლები]