შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქალაქთა ბნელთა თვალუწვდენელ...


ქალაქთა ბნელთა თვალუწვდენელ
კალეიდოსკოპს
შენი ლანდიც სდევს სახემკრთალი
და თმახუჭუჭა,
ფერუმარული სიურცხვისა
გრთავს მუჭა-მუჭა.
დაათრევ საწოლს, სად შუშაა
და კიოსკები.

გამოფიტულა შენი გული,
მაგრამ როს კიბით
მიგაქვს წამხდარი ყვავილების
შეშლილი ბღუჯა,
შენთვის ერთია თუ რას იტყვის
ოჯახი, ქუჩა -
ძეგლს აგიგებენ თუ საჯაროდ
გაიროზგები!

შენი ცრემლები აჰგავს სიცილს,
სიცილი - კივილს,
მაგრამ ამოდის ელვარება
ახალი სხივის,
ახალი გულის, მისწრაფების,
ფიქრის, ოცნების.

კიბე წყვდიადის, საზიზღარის
დაბლა ვარდება,
ნაცვლად სანატრელ სინათლეში
აღიმართება
კიბე სიწმინდის, სიყვარულის,
პატიოსნების!

1950 წლის 17 აპრილი.
11 საათი ღამისა