შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს მქუხარე ნახევარი...


ეს მქუხარე ნახევარი
საუკუნე ისე განვვლე,
ვერაფერი ვერ გავიგე,
ვერაფერი ვერ ვისწავლე.
პავლე პეტრედ მივიჩნიე,
პეტრე კი მეგონა პავლე,
გავუხსენი სული, გული,
ვისაც ხელი კი ჩავავლე.

ნუ იტყვით და თურმე ყველა
მტერი იყო მოსისხარი.
პირში ქებით მოუბარი,
გულში გესლით მოზიზღარი..
მახე მიგეს, მითაღლითეს,
მით დამიხშეს მე ცისკარი,
გვიან ვიგრძენ ეს შეცდომა,
ეჰე, ყრმობამ იცის ქარი!

გასაჭირში რომ ჩავვარდი,
შემომაკლდა გროში ფარა,
ვთქვი: აგერ მყავს მეგობრები,
რას ვიდარდო წარა-მარა.
ქვეყნად რამე თუ სიკეთე -
მითესნია, მათში, მარა -
ვისაც სესხად ვთხოვე რამე,
ყველამ გვერდი ამიარა!

[1949]