შუალედი - დან - მდე
 
 


განთიადი


სოფლად მგზავრობა მომელის,
მე უნდა ვნახო, ცხადია,
მყუდრო სავანე, რომელის
სახელი „განთიადია“.

ამ სიმაღლიდან რამდენი
ბრწყინავს ცა ოქროს ნათებით,
აღმოსავლეთით ნადენი
ელვარე განთიადებით.

იმ ნათებასთან მთებს ნაბურს
ახალი ყოფნა სწადია,
გემი მოადგა ნავთსადგურს
ძახილით: განთიადია!

ზღვა იშმუშნება. ნაპირად
აფრებს გაფრენა სწადია,
მატარებელიც სამპირად
მიჰკივის: განთიადია!

ფოთლებთან ერთად ბავშვები
ჰგრძნობენ: ეს დილა მათია.
მიჰქრიან გარიჟრაჟები
წიგნისკენ: განთიადია!

რაც ბუნებაში ალია,
გულშიც იგივე ანთია,
რა უხვი მოსავალია,
რა დიდი განთიადია!

გათენდა, ჩემო სამშობლოვ,
გათენდა დიდი ხანია!
გადაივიწყე, რაც ძველად
ვაება გადგიტანია.

[1949]