შუალედი - დან - მდე
 
 


ძველი რედაქტორი


განთიადია.
    ასე საცნაურს
დილა ჯერ კიდევ
    არ იწყებს ხმაურს.
რედაქტორი კი
    ზის მაგიდასთან,
სწერს გაზეთისთვის
    ახალ მეთაურს.

შემდეგ მასალებს
    მასალებს აბამს,
სინჯავს ფელეტონს
    და ახალ ამბავს,
უკეთეს მგოსნის
    ლექსს გამოარჩევს
და ასაწყობად
    უგზავნის სტამბას.

თან თანამშრომლებს
    ავალებს ძმურად,
შეუნელებლივ
    აღვივონ ქურა,
აზრიც იმგვარად
    გახვიონ ნისლში,
რომ ვერას მიხვდეს
    მკაცრი ცენზურა.

ჩადის სტამბაში,
    აქ თავის სამწყსოს,
კორექტორებსა
    თუ ასოთამწყობს
ეტყვის: შეცდომა
    არ დამანახვოთ,
არ შეფერისო
    შეცდომა აწმყოს.

გადაშუადღდა.
    ეხლა არ დარდობს,
წამით მიხედოს
    ქოსების სარდაფს,
წაღმა იფიქროს
    დახშული პრესა,
გამოეთიშოს
    უკუღმართ დაფდაფს.

გაშლილა სუფრა...
    შორს სამძიმილი...
ვაჟა-ფშაველა,
    შიო მღვიმელი,
პავლიაშვილი,
    ბაჩანა, კოტე,
გუნიას - პირზე
    მოსდის ღიმილი.

და რედაქტორი
    კარის გაღებას,
ხელში ელვარე
    ჭიქის აღებას,
თუნდ ერთადერთის
    რამე სიტყვის თქმას,
ერთი სიმღერის
    შემოძახებას -

ვერ ასწრებს. აგერ
    ჩამორბის განით
ასოთამწყობი
    დიდი ქაქანით:
„სტამბასა ჩხრეკენ!
    ემუქრებიან
გაზეთს დახურვით,
    მწერლებს საკანით“!

და რედაქტორი
    სარდაფის წარბის
მოხვეულ, ირიბ
    კიბეზე არბის.
რედაქციისკენ.
    კარებთან ხვდება
უსაზიზღრესი
    ხედვა ჟანდარმის.

დააპატიმრეს,
    და უფრო მეტი.
გადასახლების
    არგუნეს ბედი.
აგერ, სულ ბოლოს
    დაბრუნდა იგი,
თავისუფალი -
ცხრაას ჩვიდმეტით!

[1949 წლის 30 ივნისამდე]