შუალედი - დან - მდე
 
 


განძები ტყეებში


რამდენი განძი ავდრიანით
    გაჰქრა ამინდით,
ზეაღმართული სიამაყით
    და თვალსაჩინოდ.
მოფენილია ივერია
    ვრცელ ორნამენტით.
ვიაროთ, ვპოოთ, მოვიძიოთ,
    გადავარჩინოთ.

ძნელ მისადგომი ადგილების,
    მიუვალ გზების
ყოველ კუთხეში შეხვდეთ, როსმე
    გამზიანებულთ.
უმშვენიერეს ქვეყნისაკენ
    წამოსულ მტრების
მძლე ცეცხლითა და ველურ ხელით
    დაზიანებულთ.

ამოვიტანოთ უზარმაზარ
    ნანგრევებიდან,
ვემთხვიოთ მარად უსაყვარლეს
    საგანს გზნებისას!
ყველგან დაფარულს უდაბური
    მთების ფრთებიდან,
ღრმა საიდუმლოს უდიდესი
    ხელოვნებისას.

ნანგრევთა უხმოდ ამეტყველდეს
    ენა ხაზების,
ქვა და მუსიკა, ერთმანეთს რომ
    გადაჰხვევია.
გამმა ხვეული სირთულისა
    და განაზების,
მერყეობა და შეცდომები
    რომ არ სჩვევია.

უმაღლეს აზრით სილამაზე
    აქ იმოსება,
სულ უბრალო რამ, მაინც რთული
    და არა-რთული,
მცოდნე თვის ძალის, მხურვალებით
    მჟღერი ოცნება,
ვიაროთ, ვნახოთ, დავინახოთ
    მზერა ქართული.

ვინ არ გაოცდეს! რა უმადლო
    ქარმა აგშალათ?
მაგრამ ხმოვანებთ, ერთხელ ყელი
    რა მოიღერეთ.
დროთა რონინმა ვერა და ვერ
    თქვენ ვერ წაგშალათ;
სდგებით ახალი ამშენებლის
    მძლავრი სიმღერით.

აღმოჩენილი სიხარულით
    უგულწრფელესით -
ასწევს განძს მარად წარუშლელსა,
    მარად წარურთმევს,
და გაბრწყინვებულ სახეებით
    უუძველესით
ეპოქა ჩვენი შეჰქმნის უფრო
    მზიურ ჩუქურთმებს!

[1949 წლის 30 ივნისამდე]