შუალედი - დან - მდე
 
 


იცოცხლე კიდევ ას წელიწადს!


ტყეს არასოდეს სიცოცხლე არ გამოეცლება
გრიგალის მიერ მჭკნარ ფოთლების ძირს ჩამოგდებით.
ქვეყნად სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა,
დაბადებულნი ერთ დღესა ვართ, ერთ დღეს მოვკვდებით.

მარტოდენ ფერფლი, შეიძლება, კერას შორდება,
გიზგიზებს ცეცხლის მარადისი ძლევათაძლევა.
ქვეყნად სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა,
მაგრამ სხვა სახით, მშვენიერით, ის მეორდება.

ქვეყნად სიცოცხლე ადამიანს ერთ დღეს ეძლევა,
სამშობლოსათვის განკითხვის დღე თუმცა დადგება -
რად გინდა ფიქრი სიკვდილისა, ეჭვი, შემჩნევა,
სიცოცხლისათვის ომში ის არ გამოგადგება.

სიცოცხლე ქვეყნად ადამიანს ერთხელ მიეცა,
მაგრამ სიცოცხლის მთელი ჩვენი ღონე და ძალა
უკვდავი არის ისე, როგორც მიწა და ზეცა -
რწმენას, შრომასა და სიყვარულს თუ ენაცვალა.

ბევრი რამ არის, მეგობრებო, ამქვეყნად კარგი,
ყველაზე კარგი და ძვირფასი ხომ სიცოცხლეა!..
ზოგი იძახის, ის არისო ზედმეტი ბარგი.
რაო? ბარგიო?! ზედმეტიო?! - სტყუის! მოცლია!

იცოცხლე კიდევ ას წელიწადს! იყავ, ვით რკინა.
ძმობა, ერთობა, მეგობრობა ყოველთვის მძლეა.
კარგად გამყოფოს, ისე რომ თვით სიკვდილის წინა
შეგეძლოს, რომ თქვა სიამაყით: ეს სიცოცხლეა!

1949 წლის 24 ივნისი