შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როცა ფერხულში...


როცა ფერხულში
შედის თამარი -
ლენტეხის მზეა
მოკამკამარი.
მაგრამ დღეს ფერხულს
სევდა  ჰფენია:
ლაჯებში ეშმაკს
გაურბენია.
და დაიშალა
სწრაფად ფერხული,
გრძნობა ცივია
და უხერხული.
- თქვენ ნურას დარდობთ, -
ამბობს თამარი, -
ან ვპოვებ, ანუ
მპოვებს სამარე.
გასდია ეშმაკს,
მისდევს იმის კვალს,
შურისძიება
უელვარებს თვალს.
თეთრ შუნად იქცა
ეშმაკი შავი,
საჯიხვე მთებში
აუძღვა ავი.
შორს, სადღაც დარჩა
გზები საურმე...
დაღლა ზღაპარი
ყოფილა თურმე.
ხევიდან ხევზე,
სერიდან სერზე
ადის თამარი
ლაკვრაშის წვერზე.
ის შუნი თეთრი
კვლავ შავ ეშმაკად
იქცა. ის თამარს
ეკვეთა შმაგად.
მაგრამ თამარმა
ხალხის სახელი
ახსენა, ბნელის
გადამლახველი.
იმედი, რწმენა
და სასოება,
მოძღვრება, სწავლით
რომ იმოსება -
გარს მოიკრიბა
მგზნებარედ რაკი,
ძირს სულთმობრძავი
დასცა ეშმაკი.
გლოვობენ ეშმაკს
დები და ძმები,
უსასოების
მოსავთ ძაძები.
და თამარი კვლავ -
ბრძენი თამარი -
ლენტეხის მზეა,
მოკამკამარი.

1947
ქუთაისი