შუალედი - დან - მდე
 
 


თენდება... გათენდა!


თეთრად თენდება. დავხურავ დიკენსს.
        სარკეთა იქით
ღრუბლებმა მთები მოათივთიკეს
        ფერად თივთიკით.

ავიღებ ხელში ისევე შოთას
    და გავსწევ ტყეში.
მივესალმები ბუბას და შოდას,
    ამართულთ მზეში.

მე შოთას ვიცნობ ძალიან ახლოს -
    როგორც თეთრს შავში,
ვარჩევ. მე ის დრო რამ განმიახლოს,
    როს ვიყავ ბავშვი!

გახსოვს, ვით რთავდა მზე კავკასიონს,
    ის ხანა, ოდეს
იმ ძველს, ლათინურ ცონვიქასიონ-ს
    ვარჩევდით შოთას.

„მასწავლებელო! - თითქო დაფაზე
    ვწერ ისევ ცარცით -
შენ თავის დროზე ხომ დააფასე
    ბავშვი-არწივი?“

იმ ექვს მწვერვალთა გეფარა ჩრდილი:
    ვინ მოგვილია
გურამიშვილი, ბარათაშვილი,
    ჩვენი ილია,

აკაკი, ვაჟა გასაკვირველი -
    დიდება დროთა,
და მათ გვირგვინად მუდამ პირველი,
    ტიტანი - შოთა!

[1947; 1950 წლის 14 სექტემბრამდე]