შუალედი - დან - მდე
 
 


დაცვა ძველი ძეგლებისა


გავიხსენოთ ადგილები,
სადაც ძველი ძეგლებია;
ყოველივე იმ წარსულის
დღეთა ანარეკლებია.
მგზავრო, უნდა დარწმუნდე, რომ
უმართლობას დღე ჰკლებია,
იქვე ვარდნი იზრდებოდნენ,
სადაც ბასრი ეკლებია.

მგზავრო! უნდა დარწმუნდე, რომ
სხვა არის ის არემარე,
რომ ეს მთები უძველესზე
უძველესი არის მხარე.
განათლებას თავდადებით
ეწაფება გულმღელვარე,
რაც წარსულის სინათლის გზას
ასხივოსნებს მზემფინარე.

სხვამ კვირიკეს ეკლესიის
გადახატა იშვიათი,
სამეგრელოს მთავრის მიერ
შეწირული ძველი ხატი.
წარწერები იმ მთავართა
და სამხედრო საქმე მათი,
გარდასულან ის დღეები
მუდამ მკაცრი და კვიმატი.

წარსულის ძეგლს მუდამ სანდო
მცველი ჰყავდა მიჩენილი,
მემკვიდრეობიდან არის
ეს ადათი დარჩენილი.
თუ რომ აღმოიფხვრებოდა
გვარი, მაშინ სხვა, ჩენილი
რამე საქმით, თემის მიერ
მცველად იყო დადგენილი.

„თქვენა მკითხეთ, - მითხრა - როგორ
მოხვდი მცველად, როგორ არი?
გიპასუხებთ: როდესაც რომ
გადაშენდა ერთი გვარი,
ხალხი შეიკრიბა, შექმნა
თათბირი და საუბარი,
ჩვენი გვარიც, სხვისი გვარიც
დასახელდა სანდობარი.

ამ რჩევის დროს ხალხმა მთაზე
მდგომი ჯიხვი დაინახა.
„ვინც ჯიხვს მოკლავს, მას ავირჩევთ“ -
ყველამ ერთხმად დაიძახა.
მცველად დასახელებულებს,
ო, ეამათ ეს განზრახვა -
ყველა იგი მონადირე
სანადირო ბილიკს აჰყვა.

ჩემის წინაპარის ისრით
მოკლულ იქნა ჯიხვი დიდი.
ეს მრავალი წლის წინ მოხდა,
შემდეგ მემკვიდრეობითი
წესით მოდის ამ ადგილთა
დარაჯობა, შიში, რიდი,
ჩემამდენაც მოაღწია,
ვუვლი ამ ძეგლს, ვით ვუვლიდი.

აგე, იმა ჯიხვის თავიც
სახსენებელია თქმებით“.
მართლაც, ვხედავ კედელს მორთულს
უამრავი ჯიხვის რქებით.
და ამ ადათს უძვირფასესს
ძველადანვე ვხვდები გზნებით,
დაცვას ძველი ძეგლებისას
მარად იხსენებენ ქებით.

[1947; 1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]