შუალედი - დან - მდე
 
 


არწივი


ფრთასა შლის,
ფრთას შლის არწივი,
აქვს გაქანება
და ძალა...
აფრინდა,
აჰა, აფრინდა,
უვრცესი ფრთები
გაშალა!

ქარიშხალს
დაედარება
სილაღე
მისი ფრთებისა,
დღეგანუყრელად
ტარება
დიდების,
ურყევ ნებისა.

სად ბაზალეთი
ოდნავ სჩანს
და იქ აკვანი
ნარწევი,
იმ მიდამოდან  
აფრინდა
თავისუფალი
არწივი.

უსმენენ
ხმამომყივარსა,
გრძნობა ცეცხლივით
იალებს,
დიდებულს
მთასა მყინვარსა
ასცილდა და იქ
ტრიალებს.

და მთებზე
გადაფრენილი
არწივი ხმას
მიაყურებს,
იქ, სადაც
ძველი ნანგრევი
ძაუგის არეს
გაჰყურებს.

დიდი არწივის
მხარეა
ორი ზღვის
შუა მდებარე,
იგი სამშობლოს
სახელით
ცხარედ იბრძოდა,
მგზნებარე.

ამ მხარეს
არა სცოდნია
მტერთან კრთომა
და რიდება,
ამაღლდეს
მხარე მშობელი,
მამულს მარადის
დიდება!

[1947]