შუალედი - დან - მდე
 
 


გადანახული დროშები


ვდგავარ კლდეზე... მწუხარების
ძლიერია ფიქრთა დენა.
სადღა არის ის სასახლე,
აქ რომ ხალხმა ააშენა!
ის გადასწვეს... და გრიგალი
ფერფლს მიაბნევს ზენა, ქვენა,
საძირკველიც ოდნავა ჩანს,
წახდა... მორჩა, მოისვენა...

ვდგავარ კლდეზე. აქ ოდესმე
ბაღი იყო სანეტარო.
გადამხმარა ჩვენი ბაღი,
ამომშრალა ჩვენი წყარო.
ვამბობ: ვაი, ჩემო ბაღო,
ვაი, უბედურო ქნარო!..
მხოლოდ მჭკნარი ფოთლებია
და გრიგალი უსახლკარო.

ვდგავარ კლდეზე. შემოდგომის
დღე მაგონებს სხვა გაზაფხულს,
აქ დროშებით უმღეროდნენ
რწმენას მათზე გამოსახულს.
ვდგავარ კლდეზე და ვდარაჯობ
დროშებს, მრავალ ბრძოლანახულს,
დროშებს, მომავალისათვის
საიდუმლოდ გადანახულს.

[1947]