შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აქ ხილულ ოცნებას...


აქ ხილულ ოცნებას
თან სდევენ ჯადონი,
თოლია ქორსა სცვლის,
არწივს - იადონი.
ორ საწყისს ინახავს
ახალი ათონი, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.

აქ მუხა შრიალებს,
იქ ზეთისხილია,
თუ ზღვის და ზღვის პირის
მძაფრი ჭიდილია -
გზნებასთან მზის ჩასვლის
ჰყვავის იდილია, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.

უწესო აყრუებს
უბადლო ზრდილობას.
ბუკის ხმა ზღვის პირას
თუ იწვევს ყრილობას,
მეომარს ჩონგური
უამებს ჭრილობას, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.

ომსა ცვლის მშვიდობა
და ნგრევას - შენება,
სიტლანქეს სულისას
სცვლის სულის მშვენება.
წყალს - ღვინო, დღეს - ღამე,
სიცხადეს - ჩვენება, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი...

1947 წლის 21 ენკენისთვე
ახალი ათონი