შუალედი - დან - მდე
 
 


* * * პირველ აგვისტოს ღამით...


პირველ აგვისტოს ღამით
თოვლი მოვიდა შოვში!
ყველა გაიგებს ამით,
თუ რა აზრია თოვლში.

გადნა! ხეობის ქუბა
როგორ სუფთაა, დახე!
და აღიმართა ბუბა,
ბროლს რომ მიუგავს სახე.

დიდებულია ბუბა!
მთიბავი ვთიბავ თივას.
შოდას ელვარებს უბე,
ნისლს რომ იტევდა ძლივას!

საიდან გაჩნდა კინო-
ოპერატორი ძველი?
სურს გადაიღოს იმ დროს,
როს თივას თიბავს ცელი.

არათუ თოვლის ბრწყინვის -
არ მეშინია მტრისაც,
ვაჟკაცსა გული რკინის,
აბჯარი თუნდაც ხისა!

1947 წლის 10 აგვისტო