შუალედი - დან - მდე
 
 


უძილო ღამეები


ღამეებს ვათევ: კვლავ სიხარულით
ჩემკენ ოცნება მოჰქრის მხარულით.
ბედნიერება მარტოობაა -
რა ვპოვე ბრბოში მე სიარულით?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, საგულმავიწყე -
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყვე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი სდგას სახლში -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.

მაღალ გორაზე დაუთოვია
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!

[1946 წლის 25 იანვარი; 1949 წლის 9 მაისი; 1956 წლის 20 იანვარი]